კატეგორიის გარეშე •

ტყიბულელი მეშახტეები ხვალ „გლოვის ღამეს“ გამართავენ

8 აპრილი, 2018 • 3008
ტყიბულელი მეშახტეები ხვალ „გლოვის ღამეს“ გამართავენ

ხვალ, 9 აპრილს, 20:00 საათზე ტყიბულში გლოვის ღამეა. ტყიბულელები მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს, გამთენიისას დაღუპულ მეშახტეებს ბოლო ღამეს ერთად გაუთევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულელი მეშახტეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მეშახტეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

„ტყიბული გლოვობს დაღუპულ მეშახტეებს. ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. ტყიბულელები ყოველ დღე ვკარგავთ ამ ქალაქის საუკეთესო ბიჭებს და ვერ ვახერხებთ ამ მოცემულობის შეცვლას. ბოლო 11 თვეში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა, რომლებიც მწამებლური სიკვდილით დაიღუპნენ შახტში. აქ ადამიანების დაღუპვა და დასახიჩრება ყოველდღიურობად იქცა. ჩვენ ბევრი ტკივილი გვახსოვს. ეს ქალაქი ამას არ იმსახურებს“.

ტყიბული პატივს მიაგებს დაღუპული მეშახტეების ხსოვნას. ორშაბათს, 9 აპრილს, 20:00 საათზე, მთელი ქალაქი თეატრის წინ იკრიბება, რათა ბოლო ღამე გავუთიოთ ჩვენს დაღუპულ ბიჭებს. ეს ტყიბულის ღირსების საკითხია. გელოდებით ყველას მეშახტეების გლოვის ღამეზე სანთლებით და ყვავილებით“.

„ეს არ იქნება საპროტესტო გამოსვლა. ეს იქნება მდუმარე აქცია. ჩვენ ნებართვა არ გვითხოვია ხელისუფლებისგან ამ შეკრებისთვის, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ამის გამო რაიმე გაურკვევლობა შეიქმნება“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ერთ-ერთმა მეშახტემ, რომელიც იმ ჯგუფის წევრია, რომელიც აქციას უწევს ორგანიზებას.

იგივე მეშახტის ინფორმაციით, სამ დაღუპულ მეშახტეს 10 აპრილს დაკრძალავენ, ხოლო ერთს – 12 აპრილს.

ტყიბულში ექვსი მეშახტე  5 აპრილს დაიღუპა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) უერთდება ტყიბულელებს და ქალაქ ტყიბულის თეატრის წინ, მათთან ერთად პატივს მიაგებს დაღუპული მეშახტეების ხსოვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი