ფილმი “მანდარინები” IMDB-ის ტოპ 250 ფილმის სიაშია

ქართულ-ესტონური ფილმი “მანდარინები” IMDB-ის ტოპ 250 ფილმში მოხვდა.  ვებ-გვერდის მომხმარებლების საერთო შეფასებით, “მანდარინებს” 8.3 ქულა აქვს და ამ შედეგით ტოპ 250 ფილმში 243-ე ადგილზეა.

ფილმის ქულას სისტემა იმ შეფასებებით ითვლის, რომელსაც მომხმარებლები უწერენ. შეფასების მაქსიმალური ქულა არის 10. “მანდარინებს” 26 792 მომხმარებლის შეფასება აქვს მიღებული, აქედან მაქსიმალური 10 ქულა მომხმარებელთა 35%-მა დაუწერა (9 619 ხმა), 9 ქულა – 21.1%-მა (5 664), 8 ქულა – 24.5%-მა (6 556), 7 ქულა – 12.6% -მა (3 386).

სიაში პირველ ადგილზეა ფილმი “გაქცევა შოუშენკიდან”, რომელსც 9.3 ქულა, ჯამში კი- 1 932 620 მომხმარებლის შეფასება აქვს, ხოლო სიას ასრულებს ფილმი “ძაღლური შუადღე”, რომელსაც 8 ქულა აქვს და, ჯამში, 206 475 მომხმარებელმა მისცა ხმა.

იმისათვის, რომ ფილმი ტოპ 250 -ის სიაში მოხვდეს, კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. IMDB-იზე შესაძლებელია ისეთი ფილმების პოვნა, რომლებსაც მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა სიაში მაინც არ არიან, რადგან ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. იმისთვის, რომ ფილმი სიაში მოხვდეს, აუცილებელია, მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი იყოს, რომელიც კინოთეატრში გამოვიდა. ასევე, აუცილებელია, რომ მის შეფასებაში მონაწილეობდეს ვებ-გვერდის მუდმივი მომხმარებლები/შემფასებლები და აუცილებელია, რომ მინიმუმ 25 000 შეფასება ჰქონდეს მიღებული.

“მანდარინები” 2013 წელს გადაიღეს. ფილმის პროექტმა 2012 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და “ევრიმაჟის”- ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. ფილმში მოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს ვითარდება.

2014 წელს, ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, “მანდარინები” ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტებს შორის მოხვდა, ფილმი ოსკარზე ესტონეთმა წარადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com