გართობა

ინსტაგრამი – რჩევები, ხრიკები, სტატისტიკა

20 თებერვალი, 2018 • 13540
ინსტაგრამი – რჩევები, ხრიკები, სტატისტიკა

ინსტაგრამი სოციალური ქსელია, სადაც შეგიძლიათ ფოტო და ვიდეო, თანდართული ტექსტით ან მის გარეშე,  გაუზიაროთ მეგობრებს, ნაცნობებს ან უცნობებს. კარგა ხანია ინსტაგრამი აღარ არის მხოლოდ საკვების ფოტოების, ბუხრის პირას ცეცხლის  ან პლაჟზე მზეს მიფიცხებული ფეხების ამსახველი ფოტოების პლატფორმა. ინსტაგრამი აერთიანებს ყველას, ვისაც ფოტოს გადაღება უყვარს. იქნება ეს სელფი, პეიზაჟი თუ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ყოფის ამსახველი ფოტო.

ინსტაგრამი ბევრნაირად შეიძლება გამოიყენო. მედიისთვის ეს სოციალური ქსელი არის საშუალება მისწვდეს ახალგაზრდა აუდიტორიას. მაგალითად, BBC სამ  წელზე მეტია იყენებს ამ პლატფორმას. თუ გეზარებათ ახალი ამბების ნახვა, ან დრო არ გაქვთ ტელევიზორს უყუროთ, BBC-ის ინსტაგრამ ანგარიშზე შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები მოკლედ. ინსტაგრამზე ნეტგაზეთსაც შეგიძლიათ აედევნოთ.

ფოტოგრაფებისათვის ინსტაგრამი გზაა, ფეისბუქის ინფორმაციულ ნაკადში ჩაკარგული თავიანთი ფოტოები გადაარჩინონ და უფრო მეტ ადამიანს აჩვენონ, ვიდრე ამას ფეისბუქით ან რომელიმე სხვა პლატფორმით  შეძლებდნენ. 

ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის, სტივ მაკკერის ინსტაგრამის პროფილი

ხელოვანებისთვის ინსტაგრამი საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიამდე მიტანის საშუალებაა. ყველაზე დიდი “საგამოფენო სივრცე” უფასოდ, სადაც ნამუშევრები იქამდე იქნება განთავსებული, სანამ ავტორს ენდომება.

 

ამერიკელი ილუსტრატორი თავის ნამუშევრებს ინსტაგრამზე აქვეყნებს

[red_box]გინდათ ინსტაგრამზე პოპულარობა? გამოიყენეთ ჰეშთეგი[/red_box]

ჰეშთეგი – # აი, ეს ნიშანი ინსტაგრამზე თქვენი ანგარიშის პოპულარობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჰეშთეგის გამოყენების გარეშე, თუ მაინცდამაინც კაილი ჯენერი არ ხართ და ახლახან შვილი არ გაგიჩენიათ, მიმდევრების  გაზრდის დიდი იმედი ნუ გექნებათ.

იმისთვის, რომ თქვენი ანგარიში ინსტაგრამზე გაიზარდოს და ბევრი მიმდევარი გყავდეთ, ბევრი შრომა გჭირდებათ.

პირველ რიგში, კონტენტი. სანამ რამეს დაპოსტავთ, დაფიქრდით, რამდენად საინტერესო და ორიგინალურია ფოტო, რომელსაც აზიარებთ?  შემდეგ იფიქრეთ იმაზე, ვისთვისაა ეს ფოტო. როდესაც აუდიტორიას განსაზღვრავთ, შემდეგ იწყებთ ფიქრს ჰეშთეგებზე. მაგალითად, თუ თქვენი ფოტო მინიმალ ჟანრისაა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰეშთეგი #minimal, მოგზაურობის ამსახველი ფოტოების დაპოსტვის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ #travel ან თუ სულაც კატის ფოტოს პოსტავთ, #cat ჰეშთეგით შეგიძლიათ დაპოსტოთ და ნახავთ, როგორ მიიღებთ გულებს სრულიად უცნობი მომხმარებლებისაგან.

მიმდევრების  გაზრდის კიდევ ერთი ხერხია ის, რომ როგორმე თქვენი ფოტო თქვენი პირადი ანგარიშიდან მოხვდეს ისეთ ანგარიშებზე როგორიც მაგალითად, @natgeo, @featureshoot, @guardiantravelsnaps, @lonelyplanet, @viiphoto და სხვებია.

რამდენი მეგობარიც გყავთ ფეისბუქზე, ზუსტად იმდენი მიმდევარი შეგიძლიათ გყავდეთ, თუ ამ ორი სოციალური ქსელის ანგარიშს დააგენერირებთ. 

დახურული თუ ღია?

ინსტაგრამის ანგარიშის გახსნისას ორი არჩევანი გაქვთ, პროფილი გქონდეთ ღია ან დახურული. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის დახურვას გადაწყვეტთ, მეგობრობაზე მხოლოდ იმ ადამიანებს დაეთანხმებით, ვისაც იცნობთ და ფოტოებსაც მხოლოდ მათ გაუზიარებთ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ მთავარი წესი: არასდროს ჩაურთოთ ლოკაცია პოსტებს და არ გამოიყენოთ ჰეშთეგი. ჰეშთეგის გამოყენებით თქვენ მიერ გაზიარებული ფოტო მილიონობით ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

[yellow_box]Instagram Stories[/yellow_box]

ისტორიები ინსტაგრამმა 2016 წლის აგვისტოში დაამატა. ფოტოები და ვიდეოები ამ კატეგორიაში მხოლოდ 24 საათით რჩება. თუმცა, თუ რომელიმე ისტორია განსაკუთრებით მოგწონთ, შეგიძლიათ მონიშნოთ და პირად გვერდზე იმდენი ხნით დატოვოთ, სანამ არ მოგბეზრდებათ.

ინსტაგრამ ისტორიები ცალკე მიმდინარეობად შეიძლება ჩაითვალოს. ხშირად ის ადამიანები, ვისაც ანგარიში აქვთ ამ სოციალურ ქსელში, ინსტაგრამ სთორიში ისეთ ფოტოებს-ვიდეოებს-გიფებს პოსტავენ ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომელსაც არცერთ სხვა სოციალურ ქსელში არ აზიარებენ. მაგალითად, თუ რ.ჯ. პალაციოს “საოცრება” უკვე წაიკითხეთ, ფილმიც ნახეთ და აუგუსტ პულმანის როლის შემსრულებლის ჯეიკობ თრემბლის შესახებ მეტის გაგება გინდათ,  გირჩევთ, მის ინსტაგრამ პროფილს მიაკითხოთ. 

განსაკუთრებით საინტერესოა იმ მოგზაურთა ინსტაგრამის ადევნება რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და ამის შესახებ წერენ ან ვიდეორეპორტაჟებს ამზადებენ. ამ მოგზაურთა ინსტაგრამ სთორები, შეიძლება ითქვას, კადრს მიღმა ამბების კრებულია. სანამ მათ მიერ დაწერილი სტატია, გადაღებული ვიდეო ან მაღალი რეზოლუციის ფოტოები იმ გამოცემებში მოხვდება, რომლებისთვისაც მუშაობენ, მანამდე მთელ პროცესს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი მათი სთორების მეშვეობით.

მაშინ, როცა ფეისბუქი გადაიქცა ახალი ამბების მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ,  პირადი სტატუსების/ფოტოების დაპოსტვა შეამცირეს ან სულაც შეწყვიტეს მომხმარებლებმა, ინსტაგრამ ისტორიები იქცა ასეთი კონტენტის  გაზიარების მთავარ პლატფორმად. ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტ პირად ფოტოს პოსტავენ.  

[blue_box]მცირე სტატისტიკა[/blue_box]

Kevin Systrom და Mike Krieger-მა ინსტაგრამი 2010 წელს შექმნეს.  თავიდან მხოლოდ აიფონის მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი დარეგისტრირება. მოგვიანებით ანდროიდით მოსარგებლეებსაც გაეხსნათ გზა ინსტაგრამისკენ, ამის შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა. 2012 წელს, როცა ინსტაგრამი ფეისბუქმა იყიდა, მას 30 მილიონი ადამიანი მოიხმარდა. პირველ ათ დღეში  მომხმარებლის რაოდენობა 10 მილიონით გაიზარდა. დღეისათვის ინსტაგრამს ყოველდღიურად 500 მილიონი ადამიანი მოიხმარს, ყოველთვიურად აქტიური ანგარიშების ოდენობა კი 800 მილიონია. ინსტაგრამი მიმზიდველია ბიზნესისთვისაც. ჯამში, 8 მილიონი ბიზნესპროფილია ინსტაგრამზე დარეგისტრირებული, რომლებიც ყოველთვიურად რეკლამაზე დაახლოებით 2 მილიონ  ამერიკულ დოლარს ხარჯავენ. 

[checklist]

  • ერთდროულად შეგიძლიათ 5 ანგარიში გქონდეთ – პირადი და ბიზნესანგარიში
  • ინსტაგრამზე განთავსებული ვიდეო არ უნდა იყოს ორ წამზე ნაკლები და 60 წამზე მეტი.
  • შეგიძლიათ ერთი ანგარიშით 7500 ადამიანს აედევნოთ
  • შეგიძლიათ ჯგუფურად ერთდროულად 15 ადამიანს ესაუბროთ Direct messages-ს საშუალებით
  • ყოველდღიურად ინსტაგრამზე  95 მილიონი ფოტო იტვირთება
  • ინსტაგრამზე რეგისტრირებულთა 68% ქალია
  • ინტერნეტის საერთო მომხმარებელთა 32 % რეგისტრირებულია ინსტაგრამზე
  • ყველაზე პოპულარული ინსტაგრამ ფილტრებია –  Clarendon, Juno, Valencia და Sierra
  • Canva-ს კვლევით საქართველოში ყველაზე პოპულაური ინსტაგრამ ფილტრი Clarendon-ია, მეორე ადგილზეა Amaro, მესამეზე – Juno.

[/checklist]

დასასრულს,  თუ ჯერ ინსტაგრამზე არ ხარ, დარეგისტრირდი და აგვედევნე ნეტგაზეთის ანგარიშზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი