კატეგორიის გარეშე •

ბერლინის კინოფესტივალმა კამპანია #MeToo-ს წითელი ხალიჩის შავით ჩანაცვლებაზე უარი უთხრა

16 თებერვალი, 2018 • 2138
ბერლინის კინოფესტივალმა კამპანია #MeToo-ს წითელი ხალიჩის შავით ჩანაცვლებაზე უარი უთხრა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალმა, “ბერლინალემ”, უარი უთხრა ქალთა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანია #MeToo-ს (#მეც) წითელი ხალიჩის შავით ჩანაცვლებაზე. The Hollywood Reporter-ის ცნობით, “ბერლინალეს” პირველმა დირექტორმა დიტერ კოსლიკმა თქვა, რომ ფესტივალის სურვილია,  გასცდეს “სიმბოლურ პოლიტიკას”.

კამპანიის აქტივისტებს სურდათ, რომ “ბერლინალეს” გახსნა, რომელიც ხუთშაბათს, 15 თებერვალს, ბერლინში გაიმართა, მთლიანად ქალთა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის თემატიკით ყოფილიყო დატვირთული და მოვლენის ეპიცენტრში კამპანია  #MeToo ყოფილიყო.

“ჩვენ შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ჩავრთულიყავით სიმბოლურ პოლიტიკაში და ჩვენი ფესტივალის პროგრამაში #MeToo-ს დისკურსი იმაზე ღრმად არ შემოგვეტანა, რის უფლებასაც ჩვენი ხალიჩა არ გვაძლევდა” – თქვა კოსლიკმა. მისივე განმარტებით, “ბერლინალზე” სექსუალური ძალადობის შესახებ დაგეგმილი პანელური დისკუსიები, ფილმებთან ერთად, გაცილებით უკეთეს საქმეს აკეთებს და პასუხობს კინოინდუსტრიაში სექსიზმსა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

“ბერლინალეზე” წითელი ხალიჩის შავით შეცვლის ინიციატივა გერმანელ მსახიობ კლაუდია აიზინგერს ეკუთვნის, რომელმაც წამოიწყო კამპანია #blackcarpetberlinale (#შავიხალიჩაბერლინალე). მანვე შექმნა პეტიცია, სადაც წერია: “ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სექსუალური ძალადობა, შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია ქალების წინააღმდეგ ამიერიდან არ დარჩება დაუნახავი”.

როგორც The Hollywood Reporter წერს, მათთვის გაგზავნილ წერილში აიზინგერი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს “ბერლინალეს” მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, თუმცა კმაყოფილია, რომ მისმა კამპანიამ ადგილობრივ კინოინდუსტრიაშია კამპანია #MeToo-ს შესახებ ცნობიერება აამაღლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი