კატეგორიის გარეშე •

მურუსიძე: პრეზიდენტის განცხადება ხელს უშლის სასამართლოს განვითარებას

8 აპრილი, 2017 • 1561
მურუსიძე: პრეზიდენტის განცხადება ხელს უშლის სასამართლოს განვითარებას

იუსტიციის უნაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფრო მოზომილად უნდა საუბრობდეს საქართველოს სასამართლოებზე.

„თანამდებობის პირები განცხადებას რომ აკეთებენ ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე, როგორიც არის სასამართლო და განსაკუთრებით, როდესაც არის საუბარი პრეზიდენტზე, უნდა ვიყოთ მოზომილი. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები აღნიშნულ განცხადებას, თუ ჩვენ გადავხედავთ სტატისტიკას, რა საქმეები იხილება სასამართლოში, ეს არის ასეულობით და ათასეულობით საქმე, გამამართლებელი განაჩენები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულობებზე, უამრავი ადამიანი აღდგა სამსახურში, რომელიც განთავისუფლებული იყო თანამდებონიდან, საგადასახადო დავებს იგებენ მოქალაქეები ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ეს სტატისტიკა გვეუბნება აბსოლუტურად საპირისპიროს. ბატონმა პრეზიდენტმა, რომელსაც ხალხი უსმენს, უაპელაციოდ საუბრობს, რომ სასამართლოში არის კრიზისი. მე ველოდები, რომ ბატონი პრეზიდენტი იქნება სასამართლოს დამცველი. მოვუწოდებ ყველა თანამდებობის პირს, რომ სასამართლოს უნდა დახმარება. თუ დახმარების სურვილი არ გვაქვს, ხელი მაინც არ უნდა შევუშალოთ მის განვითარებას. ადამიანი, რომელსაც მინიმუმ რამდენიმე ადამიანი მაინც უსმენს, თავის სიტყვაში უნდა უყოს მოზომილი. არ შეიძლება ვილაპარაკოთ კრიზისზე, როდესაც არის საპირისპირო ვითარება. დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი არასოდეს ყოფილა საქართველოს სასამართლოებში,” – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ სასამართლოში არის პრობლემები, თუმცა წინა წლებთან შედარებით ვითარება გაუმჯობესდა.

რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს, უნდა შევადაროთ. სასამართლოებში პრობლემა იყო დამოუკიდებლობის ხარისხი. შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლეები ასეულობით საქმეზე გადაწყვეტილებას ღებულობენ და ეს გადაწყვეტილება არის დამოუკიდებლად მიღებული. იმას არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესასამსახუროს უფროსმა დავა მოიგო სასამართლოში. რომელიც წარმოუდგენელი იყო წლების უკან. რატომ ამას არ ამბობს ბატონი პრეზიდენტი, არ შეიძლება, რამე საქებარი სიტყვა ეთქვა? რატომ უნდა ვილაპარაკოთ სულ ნეგატივზე? ამიტომ მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ბატონ პრეზიდენტს, რომ თუ გვსურს დავეხმაროთ სასამართლოს, ვისაუბროთ არა მარტო კრიტიკაზე, არამედ კარგ რაღაცებზეც, რაც ხდება სასამართლოში. სულ მცირე ხელს ნუ შევუშლით მის განვითარებას. პრეზიდენტის განცხადება ხელს უშლის სასამართლოს განვითარებას”,- განაცხადა მურუსიძემ.

აღნიშნული ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც დღეს, 8 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იმართება.

გუშინ 7 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არის კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი