გენერალი ბრედშოუ: ჩვენ გვაქვს გამოწვევა ქვეყნისგან, რომელმაც საერთაშორისო სამართალი დაარღვია

“ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება დასრულდა დღეს, რომელშიც ქართული, ამერიკული და ბრიტანული შეიარაღებული ძალები ერთად მონაწილეობდნენ.  ჩვენ  ტაქტიკური თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი და ერთობლივი, კომბინირებული ქმედებები ვიხილეთ”, – ეს განცხადება ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილემ, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუმ გააკეთა დღეს, 24 მაისს ვაზიანში.

მან ჟურნალისტებთან იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც ნატო დღეისათვის დგას:

“მე მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ [ვახტანგ] კაპანაძეს, რომლის ქვეყანამაც, საქართველომ ამ ღონისძიებების [წვრთნების – “ღირსეული პარტნიორი 2016] ფასილიტაცია განახორციელა. იმ დროს, როდესაც ნატო ზოგიერთი ყურადსაღები გამოწვევეის წინაშე დგას… ჩვენ გვაქვს გამოწვევა ქვეყნისგან, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო სამართალი და იგნორირება გაუკეთა სუვრენული სახელმწიფოების საზღვრებს. ჩვენ გვაქვს გამოწვევა არასახელმწიფო აქტორისგან (დაეში) სირიასა და ერაყში და ყველგან მსოფლიოში. ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ის გზა, რომლითაც ჩვენ ამ გამოწვევებს ვხვდებით, არის ერთობლივი… კომბინირებული აქტივობებით, ვაშენებთ  სამხედრო შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის, კოლექტიურად და ერთად. ნატო ძალიან მადლიერია საქართველოსი  ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის ავღანეთის ოპერაციებში. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან, რათა განვავითაროთ თქვენი შესაძლებლობები ამ [წვრთნების] გზით და [ნატო-საქართველოს] ერთობლივი საწვრთნელი ცენტრით. ის, რასაც თქვენ ჩვენგან იღებთ, არის დახმარება, რათა თვითონ შეძლოთ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება”, – განაცხადა გენერალმა ბრედშოუმ და აღნიშნა, რომ ნატო დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მარცხნივ გენერალი ბრედშოუ, მარჯვნივ გენერალი კაპანაძე.

მარცხნივ გენერალი ბრედშოუ, მარჯვნივ გენერალი კაპანაძე.

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ დასრულდა. დასკვნით საჩვენებელ სწავლებაში ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი, 1 ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი „ABRAMS“, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2 BRADLEY“, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП 2 მონაწილეობდა. სცენარის მიხედვით, პირობით მოწინააღმდეგეზე პირველი იერიში სნაიპერებმა მიიტანეს. მოწინააღმდეგეზე იერიში ქართულმა ავიაციამაც მიიტანა. ამ სანახაობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com