შეფასებები კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ინიციატივაზე

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკიმ 9 თებერვალს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ინიციატივას,არ იზიარებენ ის ადამიანები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა:

თამთა მელაშვილი, მწერალი
26194

“ჩვენი კონსტიტუცია ძალიან ლიბერალური და ძალიან კარგი კონსტიტუციაა და თავი დაანებოს[გია ვოლსკიმ]. ეს თემა აქტუალური არ არის. როგორც ხდება ხოლმე, ახლაც წინასაარჩევნო მანიპულაციასთან გვაქვს საქმე, რომელსაც რაღაც ძალები იყენებენ იმისათვის, რომ საზოგადოება გააღიზიანონ, მათზე იმოქმედონ. ქორწინება დღეს საქართველოში აქტუალური არ არის და თუ ოდესმე გახდება, მაგასაც ვიტყვით, არ არის პრობლემა. ოჯახის განსაზღვრება საერთოდ არ უნდა იყოს კონსტიტუციაში, მით უმეტეს, როგორც ქალის და კაცის კავშირი.”

ერეკლე დეისაძე, მწერალი და მუსიკოსი

ერეკლე დეისაძე

ერეკლე დეისაძე

“ეს თემა საერთოდ არ არის აქტუალური. ამას აკეთებენ იმისათვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოგონილი პრობლემები წინა პლანზე წამოწიონ რეალური პრობლემების გადასაფარად. ამას აკეთებენ გოგი თოფაძის, ლევან ვასაძის და სხვათა სახელით. ეს ერთი დიდი თამაშია, რათა რეალური პრობლემები მიჩქმალული იყოს და ხალხს ჰქონდეს სანახაობა. ეს პრობლემებია უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი, განათლების სისტემის მოშლა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებებით ქვეყანაში არაფერი კეთდება, მე ვერანაირ წინსვლას ვხედავ.

გია ვოლსკის წარმოდგენით, თუ ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა, მაშინ ქალებს და კაცებს უნდა დავუტოვოთ უფლება, რომ თვითონ გადაწყვიტონ, იქნებიან კაცები თუ ქალები. ერთი არის ბიოლოგიური სქესი, მაგრამ მეორეა ადამიანის იდენტობა. მე მგონია, რომ იდენტობა ბიოლოგიაზე წინ უნდა დავაყენოთ. როცა წყვილი ქორწინების სახლში მივა და ურთიერთობის დარეგისტრირებას მოითხოვს, იქ მომუშვე ადამიანმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ იდენტობა ბიოლოგიურ სქესზე წინ დგას.

რატი ამაღლობელი, მწერალი

რატი ამაღლობელი

რატი ამაღლობელი

მე არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია ოჯახს უნდა არეგულირებდეს. ვიღაცებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ქულების დაწერით არიან დაკავებული, ასეთი თემები აქტუალურია, მაგრამ მე მგონია, რომ თითიდან გამოწოვილი თემაა. ”

ლია უკლება, მხატვარი

მხატვარი ლია უკლება, ფოტო: ბაია პატარაია

მხატვარი ლია უკლება, ფოტო: ბაია პატარაია

“იქნებ მე და ჩემი შვილი, ან მეგობარი ვცხოვრობთ ერთად, ეს ოჯახი არ არის? ვერ ვიაზრებ ოჯახის ასეთ დეფინიციას და მისი კონსტიტუციაში ჩაწერის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ. ოჯახი არის ერთად მცხოვრები ადამიანების ერთობა, იმის მიუხედავად, დაკანონებულია, თუ არა. ვისაც ოჯახის შექმნის სურვილი აქვს, უნდა შეეძლოს, არ აქვს მნიშვნელობა ქალები იქნებიან, კაცები, თუ ქალი და კაცი.”


 

მოვლენათა ქრონოლოგია