ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები და ქართლის ჭირი

ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ვიცი, რომ შესაძლოა ვიღაცამ პროთურქულობაში ან ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში დამდოს ბრალი, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, მაინც დავწერო, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით (და არა მარტო ამ საკითზე) ქართული ისლამური სპექტრის პოზიცია მაგონებს ჯონათან დემის ფილმს “კრავთა დუმილი”. აგერ, უკვე რამდენიმე წელია ასე თუ ისე დგას ეს საკითხი დღის წესრიგში, მაგრამ არც ერთ მუსლიმს საკუთარი პოზიცია საჯაროდ არ გამოუხატავს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მათთვის არც არავის უკითხავს რამე. რახან ამ თემაზე ცენტრალური მედიიდან ყურადღება პირველად გაზეთმა “კვირის პალიტრამ” გაამახვილა, მეც მედია ეთიკიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ეს წერილი ამ რედაქციას გავუგზავნე, მაგრამ, ნურას უკაცრავად, – გამოქვეყნება კი არა, პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს.

გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე ხნის წინათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე “ვახო სანაიას რეპორტაჟში”  ფართოდ გაშუქდა ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და მათი რესტავრაციისთვის ორ ქვეყანას შორის არსებული მოლაპარაკება. ამით კი ოპოზიციამ ხელჩასაჭიდი იშოვნა. რამდენიმე დღის შემდეგ, ჯერ 25-ე არხზე, გადაცემა “დიალოგში”, შემდეგ კი გაზეთ “კვირის პალიტრაში” (#2 10-16 იანვარი 2011 წელი), რესპუბლიკური პარტიის აჭარის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარემ (თუ რეგიონული ორგანიზაციის, ჯერ ვერ გავიგე, რადგან ყველა მედიამ, სადაც ბატონი მურმანი ამ საკითზე გამოვიდა, ის რეგიონული ორგანიზაციის თავმდჯომარედ მოიხსენია, ხოლო რესპუბლიკური პარტის საიტი მას რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარედ გვაცნობს), ორ ქვეყანას შორის გასაფორმებელ (ან შეიძლება უკვე გაფორმებულ) ხელშერკულების გამო, ჯერ 25-ე არხზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მოღალატედ შერაცხა, ხოლო შემდეგ “კვირის პალიტრაში”  ე.წ. მეჩეთს მართლმადიდებლობისა და ქართული ინტერესების საწინააღმდეგო ხრიკი უწოდა.

აქვე მინდა აღვნიშნო ჩემი პატივისცემა მურმან დუმბაძისადმი, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: კარგით რა, ოპოზიციონერობა განა ყველაფერში ცუდის ძიებას ნიშნავს?! საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულად ამ შეთანხმებაში და პარიტეტული ხელშეკრულების იმ ფორმაში, რაც მედიაში გავრცელდა, ცუდი და ქართული ინტერესების საწინააღმდეგო არაფერია, მხოლოდ დროისა და საგაზეთო ფურცლების უქმად ხარჯვაა. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში როდია. ბატონი ოპოზიციონერი იმასაც ამბობდა, ეს ყველაფერი თურქული მხარის ხრიკებია, მაგრამ მას დაავიწყდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 11 პროცენტი მუსლიმია, ხოლო ტაო-კლარჯეთის იმ ტერიტორიაზე, სადაც ქართული ძეგლები უნდა აღდგეს, არც ერთი ქრისტიანი არ ცხოვრობს (ყოველ შემთხვევაში სტატისტიკა ამას მოწმობს).

ისე, ცნობისთვის გეტყვით, რომ თურქეთში, სხვებთან ერთად, ქართული ეკლესიებიც ფუნქციონირებს, რეგისტრირებული კონფესიებიც არიან და კანონი მათ რელიგიურ უმცირესობად ცნობს. ქართველ მუსლიმებს, სამწუხაროდ, მსგავსი ფუფნუნებაც კი არ გაგვაჩნია. ოპოზიციონერმა ისიც თქვა, მომლოცველებისთვის ბათუმში არსებული ერთადერთი მეჩეთი საკმარისია და სხვა მეჩეთის აშენება რაღა საჭიროაო. ჩემო ბატონო, მობრძანდით რომელიმე პარასკევის, ან წლიური ბაირამობის ლოცვისას მეჩეთში და დაინახავთ, რომ მომლოცველები არათუ მეჩეთსა და გვერდით ოთახებში, არამედ მეჩეთის ეზოშიც ვერ ეტევიან და თქვენივე ოფისის წინ, ქუჩაში ლოცულობენ.

ჯერ ბატონმა ოპოზიციონერმა, შემდეგ კი “კვირის პალიტრამ” გამოგვიცხადეს, რომ, თუკი აჭარაში მეჩეთის მშენებლობას დაიწყებენ, ფუნდამენტის გაჭრისთანავე ხალხს ფეხზე დააყენებენ. ბატონმა მურმანმა ტელეეთერში ისიც კი დაამატა, ვიღაც მოღალატე მუსლიმანი გამოჩნდება, რომელიც ქრისტიანს ესვრის და ეს ყველაფერი ქვეყანაში არეულობას გამოიწვევსო. როცა ამ გადაცემას ვუყურებდი, უნებლიეთ, დავით გურამიშვილის “ქართლის ჭირის” გამახსენდა. “მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი; თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!” რა გვჭირს, ხალხო, ნუთუ პოლიტიკა ისაა, რომ ისტორიაში დაგვაბრუნოს. მგონი, ჯობს გავანებოთ თავი წარსულისკენ ცქერას. ჩვენ – მუსლიმები არავისზე და მითუმეტეს ჩვენსავე ძმებზე სროლას არ ვაპირებთ და არც ქვეყნის არეულობა გვინდა. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს პოლიტიკური მიზნებისთვის კონფესიებზე მიტმასნა და მათი გამოყენება საკმაოდ პოპულარულ მეთოდია, მაგრამ პრეზიდენტის თქმისა არ იყოს, ნურას უკაცრავად, ჩვენ ქართველი მუსლიმები ვართ და არა რაღაც თეოკრატული დაწესებულება, რომელსაც ვინმე თავისი პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოიყენებს.

ბატონმა მურმანმა გამოგვიცხადა, აჭარაში 150 მეჩეთია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მუსლიმი მრევლი შეუზღუდავად აღიარებს თავის რელიგიასო. არა, ჩემო ბატონო, ეს მუსლიმების შეუზღუდაობაზე კი არა, იმაზე მეტყველებს, რომ მუსლიმების პრობლემები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას (სხვათა შორის, არც სახელისუფლებოს) არ აინტერესებს. აბა, ასე რომ არ იყოს, განა ის მაინც არ გეცოდინებოდათ, რომ საქართველოში რეგისტრირებული ისლამური კონფესია არ არსებობს და რომ ქალაქებში, სხვათა შორის, არც ბათუმში, არსებულ ერთადერთ მეჩეთში მუსლიმებს სალოცავად მოხმობის უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ მეჩეთის უკმარისობაზე და მუსლიმების სხვა ასობით პრობლემებზე. თქვენი აზრით, ეს შეზღუდვად არ ითვლება?

აჭარაში არსებული 150 მეჩეთი (საკითხავია, სად ნახეთ ეს სტატისტიკა) რომ არ მოგწონთ, მოდით, ის გადავითვალოთ, რამდენი ეკლესიაა სრულიად საქართველოში და კონკრეტულად აჭარაში. რომ გაიძახით, აჭარაში 150 მეჩეთიაო, ნეტა რომელი მათგანია ქართული ინვესტიციებით აგებული? გეტყვით, რომ თითქმის არც ერთი. თუკი უცხოური ფულით აგებული სალოცავები გაღიზიანებთ, ალბათ, მაშინაც უნდა ღიზიანდებოდეთ, როცა არც თუ ისე ცოტა ეკლესია უცხოური ინვესტიციით აიგო. მაგრამ საქმე ამაში როდია, მთავარია, მეჩეთი არ აიგოს და ოშკი თუნდაც დანგრეულა, არავის ანაღვლებს. განა სიამოვნებს რომელიმე მუსლიმს თურქის ან სხვა უცხოელის მიერ აგებულ მეჩეთში ლოცვა?! შემდეგ კი გვეტყვით, მეჩეთებს თურქები გიშენებენ, მუსლიმებიც თურქულ სალოცავებში ლოცულობთ ე.ი. ისლამი პროთურქული რელიგიაა, მართლმადიდებლობა კი –ეროვნულიო. განა არ სურთ მუსლიმებს, თავიანთი სახელმწიფოს მიერ აგებულ მეჩეთში ილოცონ?! განა ოდესმე ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე მუსლიმს რაიმე პროტესტი გამოეთქვას სადმე ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით?! აშენდეს ბატონო! მუსლიმები გულწრფელად მივესალმებით ყოველგვარი სალოცავის მშენებლობას. ოღონდ ის მაინც გაითვალისწინეთ, რომ ეკლესიები იმ ბიუჯეტით შენდება, რომლის შესავსებად მუსლიმებიც ისევე იხდიან გადასახადებს, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები. განა ასეთი ძნელია ერთი “ქართული მეჩეთის” აშენება?! აშენდეს ბატონო ეკლესიები, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ მუსლიმებს აშენების ნებართვა მაინც მოგვეცით, და თუ ამასაც არ გააკეთებთ, არსებულს მაინც ნუ დაგვინგრევთ. ამას წინათ ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის მეჩეთი აღიგავა პირისაგან მიწისა, მაგრამ ამ ფაქტზე ხმა არავინ (არც აჭარის სამუსლიმომ და სხვათა შორის, არც იგივე ოპოზიციამ)  ამოიღო.

დაბოლოს, საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და არა თეოკრატული. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ ჩვენც ამ ქვეყნის ისეთივე მოქალაქენი ვართ, როგორც ნებისმიერი სხვა აღმსარებელი. ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლოა. და განა მტერი ცოტა გვყავს, რომ ერთურთის მტრობაში დავხარჯოთ ენერგია. მოდით, ყველამ ერთად ვაშენოთ, რაც ასაშენებელი ამ ქვეყანაში. რა საჭიროა ისლამოფობიის დანერგვა?!

რედაქციის შენიშვნა: ეს მოსაზრება ერთ–ერთი მათგანია იმ წერილებიდან, რომლებიც გაზეთმა  „ბათუმელებმა“  მკითხველებისგან  მიიღო ბათუმში გამართული ცხარე დისკუსიების შემდეგ. პატრიარქის განცხადების შემდეგ, რომელიც  თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების მშენებლობის (რესტავრაციის) შესახებ საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებას შეეხებოდა, დისკუსია  ჯერ ბათუმის პრესკაფეში, შემდეგ კი  ტელეარხი 25–ის  ეთერში გაიმართა.