„საქართველომ სააკაშვილიზმიდან გარკვეული დასკვნა გამოიტანა — მიხვდნენ, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანთ და არსად, გარდა რუსეთისა, ქართული პროდუქციას და თავად ქართველებს ასე არ მიიღებენ“, — განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა და დასძინა, რომ ეს სასარგებლო ნიადაგია საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტიისთვის.

რადიოინტერვიუში „ლაპარაკობს მოსკოვთან“  ზატულინმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ, გამოეხმაურა შეფასებებს „ქართული ოცნების“ პრორუსულობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ დასავლეთში პრორუსულად განიხილება ყველა, ვინც ანტირუსული არ არის.

„გასაგებია, რომ საქართველო ამ შემთხვევაში მოწყვლად მდგომარეობაშია, რადგან, ერთი მხრივ, ის ვერ უახლოვდება რუსეთს, ვერც ძველ მეგობრულ დროს უბრუნდება, რადგან ჩვენ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ისტორიაა. არცერთი ქართული მთავრობა არ არის მზად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე  უარი თქვას. სხვაობა ის არის, რომ თუ სააკაშვილი ცდილობდა, ეს 2008 წელს სწრაფი გამარჯვების კამპანიით გადაეწყვიტა, საქართველოს დღევანდელი მთავრობა ცდილობს როგორმე დაარწმუნოს აფხაზეთი და ოსეთი დაბრუნებაში. მაგრამ აფხაზეთსა და ოსეთს თავიანთი ინტერესები აქვთ. მათ არ სურთ უარი თქვან დამოუკიდებლობაზე, განსაკუთრებით აფხაზეთში. სამხრეთ ოსეთში კი არათუ საქართველოში დაბრუნება არ სურთ, არამედ რუსეთში შესვლა და ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება სურთ“, — განაცხადა ზატულინმა.

ზატულინის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს დაახლოების შესაძლებლობების ზღვარი სწორედ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გადის, თუმცა საქართველოში გონივრულად ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ომში ჩაბმას.

ზატულინმა, თავის მხრივ, ქართველი პოლიტიკოსები დაიმოწმა, თითქოს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას სთხოვენ, რათა რუსეთს პრობლემები შეუქმნას.

„ცხადია, საქართველო ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ იბრძოლებს პარტიზანულად, პრობლემებს შეუქმნის რუსეთს. [რას მიიღებს სანაცვლოდ] — დასავლეთი შეაქებს, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ უვიზო რეჟიმი, ყველა პლატფორმაზე იტყვიან, რომ დემოკრატია საფრთხეშია და ეცდებიან დაეხმარონ — შეიძლება, ნატოში ან სხვაგან გაწევრიანებით. ის, რაც ჯერ კიდევ საქართველოს ოფიციალურ მიზნად რჩება — ევროკავშირი და ნატო. მაგრამ ახლო მომავალში, ყოველ შემთხვევაში ამ მთავრობასთან ერთად, საქართველოს მოუწევს დაივიწყოს  ევროკავშირი და ნატო. მეტასტაზები კი ღრმად არის ფესვგადგმული — ქართულ საზოგადოება სავსეა სოროსის შვილებით და შვილიშვილებით. სწორედ ამის გამო ატყდა აჟიოტაჟი შარშან — იმიტომ, რომ მიღებული იქნა კანონი უცხოელ აგენტებზე, რომელიც ამერიკული კანონის ასლია, მაგრამ რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ამიტომ ეს მთავრობა მაშინვე დაადანაშაულეს დასავლეთის მტრობაში“, — თქვა ზატულინმა.

მისი თქმით, საქართველოში შეიქმნა ურბანული გარემო, რომელიც, ფაქტობრივად, რევოლუციების, მაიდნების და სხვა მსგავსი მოძრაობების სათავეა, თუმცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამ ყველაფრის მიმართ აბსოლუტურად გულგრილია.

„სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მმართველი პარტია კვლავ ხელისუფლებაშია“, — თქვა ზატულინმა.

ზატულინმა სომხეთი და მოლდოვა დაასახელა მთავარ კანდიდატებად, ვისაც დასავლეთი, თითქოსდა დამოუკიდებლობაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ანტირუსულობას სთავაზობს. თქვა, რომ აზერბაიჯანი თავის თამაშს თამაშობს როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან.

„ჩვენ ვიბრძვით იმის წინააღმდეგ, რომ ნატო უკრაინაში არ შემოვიდეს, მაგრამ ნატო უკვე კავკასიაში მოვიდა. ახლა უკვე, ფაქტობრივად, თურქი ოფიცრები და გენერლები მუდმივად არიან ბაზირებულნი ბაქოში, აზერბაიჯანში“, — განაცხადა დუმის დეპუტატმა.

მოლდოვა და საქართველო კი, ზატულინის თქმით, სხვადასხვაგვარად რეაგირებენ დასავლეთის მიწვევაზე და თუ საქართველოში დასკვნები გამოიტანეს სააკაშვილის მმართველოვიდან, მაია სანდუს მიზანია ევროპაში შევიდეს რუმინეთის გავლით და მოლდოვის სახელმწიფოებრიობის ნიველირებით.

პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსული გავლენებზე საუბრისას ჟურნალისტმა ზატულინს შეახსენა, რომ ვიღცას ჰქონდა იდეა შეექმნა USAID-ის მსგავსი სტრუქტურა, რომ სხვა ქვეყნების საზოგადოებებზე ზემოქმედება ეწარმოებინა.

„გვაქვს ასეთი სტრუქტურა — როსსოტრუდნიჩესტვო ეწოდება. ცდილობს იმოქმედოს უკიდურესი ფინანსური შეზღუდვებით. ძირითადად იმ „კარგი გრძნობების“ ხარჯზე, რაც წარსულში არსებობდა. მე დიდი თანაგრძნობით ვუყურებ ევგენი პრიმაკოვს და მის წინამორბედებს ამ სტრუქტურის სათავეში. სტრუქტურა სწორია, მაგრამ მასშტაბი არ აქვს — სწორედ ჩვენი „ეკონომიის“ გამო ამ თემებზე. ყველას ვაძლევთ გაზზე ფასდაკლებას და ა.შ., მაგრამ გავლენის გატარებაში ფულისთვის — აი, ძუნწები ვართ“, — თქვა ზატულინმა.