ამერიკელი დიპლომატი უილიამ კორტნი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის რეაქცია საქართველოს არჩევნების შედეგებზე მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ის 1995-97 წლებში აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში.
კორტნის თქმით, შეერთებული შტატები სხვადასხვაგვარად რეაგირებდა გაყალბებულ არჩევნებზე მსოფლიოში, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით.
„დასავლეთის რეაქცია დიდწილად თავად ქართველებზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა ექნება გაყალბების მასშტაბს, გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში… აშშ-ის რეაქცია ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გააკეთებს ევროპა. ევროპა ჩვენზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ქართველებს სურთ, იყვნენ ევროპის ნაწილი და არა — შეერთებული შტატების ნაწილი“, — განაცხადა კორტნიმ American Enterprise Institute-ის ორგანიზებულ დისკუსიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის რეაქციას განსაზღვრავს ფაქტორების კომპლექსი, უილიამ კორტნი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რეაგირება იყოს სწრაფი და პირდაპირი.
„არა მგონია, რომ ვინმე დასავლეთში მოელის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, იმის გათვალისწინებით, რა ნაკლოვანებები გამოყო „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რისი იმედიც აქვს მმართველ პარტიას, მხოლოდ ფართომასშტაბიანი ქურდობით იქნება შესაძლებელი. ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერ ფასად გააუქმებს ოპოზიციას და ქართულ ნიურნბერგის სასამართლო პროცესის გამართვას აანონსებს. ეს საკმაოდ საშიშია. ჩვენ ლუკაშენკოსგან არ გვინახავს ასეთი საუბარი“, — განაცხადა კორტნიმ.
კორტნიმ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე დაემართა, რაც სხვა ხელისუფლებებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში, როდესაც რეფორმისტი მთავრობები ხელისუფლებაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის შემდეგ უკუსვლას იწყებენ.
„ეს დაემართა შევარდნაძეს, სააკაშვილს და ახლა — „ქართულ ოცნებას“. ასე რომ, რეალური პრობლემა არის მთავრობების მონაცვლეობის ნაკლებობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. რაც განსხვავებულია ამ არჩევნებში, ის არის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სამი ათწლეულის მანძილზე არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა, რომელიც ასეთი ანტიდემოკრატიული და უფრო პრორუსული, ნაკლებად მეგობრულია დასავლეთის მიმართ. არც ისე ბევრი წლის წინ გვეგონა, რომ საქართველო და უკრაინა ევროკავშირში შესვლისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით პარალელურად მიდიოდნენ. უკრაინა ინარჩუნებს თავის დემოკრატიას ომის სტრესის მიუხედავად. მეორე მხრივ, საქართველო, ასეთი სტრესის გარეშე, სხვა მიმართულებით წავიდა“, — განაცხადა უილიამ კორტნიმ.
