ქალწული მარიამი სჯის ჩვილ იესოს სამი მოწმის თვალწინ

 „ქალწული მარიამი სჯის ჩვილ იესოს სამი მოწმის თვალწინ: ანდრე ბრეტონი, პოლ ელუარი და მხატვარი“
„ქალწული მარიამი სჯის ჩვილ იესოს სამი მოწმის თვალწინ: ანდრე ბრეტონი, პოლ ელუარი და მხატვარი“

მხატვარი გერმანული სიურეალიზმის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი მაქს ერნსტია. თვითონ მაქს ერნსტი 1970 წელს ჟურნალისთვის შპიგელი მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ფრანგები ხომ, ურწმუნოების მიუხედავად, ყველანი ძალიან კათოლიკები არიან, ასე არაა? ასეთ ღვთის გმობას ვერ დაუშვებდნენ; და თან შეურაცხყოფა იმაში კი არ გამოიხატებოდა, რომ პატარა იესოს სცემდნენ. შოკისმომგვრელი იყო ის, რომ შარავანდედი ჩამოვარდნოდა.

 

შარავანდედი, თითქოს შემთხვევით, ზედ მხატვრის ხელმოწერაზეა დავარდნილი. ღიად მდგომი თხელი კედლები ჯორჯო დე კირიკოს მეტაფიზიკურ მხატვრობას გვაგონებს, მაგრამ თვით მთავარი ფიგურები მიზანმიმართულად რენესანსის მხატვრობის (მიქელანჯელო, ტინტორეტო) ასოციაციას იწვევენ. ფერთა შეხამებაც, განსაკუთრებით კი ღვთისშობლის ტანსაცმლის წითელი და ლურჯი (რაფაელის მადონა მწვანე ბუნებაში) რენესანსზეა ორიენტირებული.

 

სამი თანამედროვე ხელოვანი: ანდრე ბრეტონი, პოლ ელუარი და მაქს ერნსტი რომ სამი მოგვია, უდავოა, მაგრამ ჩვილ იესოს თაყვანისცემის მაგივრად ისინი დისტანცირებული მოწმეები არიან ამ არასაკრალური ქმედებისა.

 

კლასიკურისა და თანამედროვეს, საეროსა და რელიგიურის კომბინაცია ამ ნახატში სიურეალისტური რეალობის გაუცხოების თვალსაჩინო მაგალითია.

 

ამ ნაწარმოების გამოფენიდან ათი წლის შემდეგ ფრანგული ჟურნალი კაიე დ’არტ ყურადღებას ამახვილებს მაქს ერნსტის კათოლიკურ აღზრდაზე. მამამისი კათოლიკე ყრუ-მუნჯთა მასწავლებელი და მოყვარული მხატვარი იყო, რომელიც შვილს ხშირად ხატავდა როგორც პატარა იესოს, ცოლს კი ღვთისმშობლის როლში. მაქს ერნსტი იხსენებს, რომ ეს დედას ხელს არ უშლიდა ბავშვი გაეტყიპა.

 

იმავე 1926 წელს ნახატი კიოლნში გამოიფინა. კიოლნის ეპისკოპოსმა ნახატის სასწრაფოდ ჩამოხსნა მოითხოვა. ეპისკოპოსის წარმომადგენელს კათოლიკეთა შეკრებაზე კიოლნში, გიურცენიხის დარბაზში, თავისი სიტყვა ასე დაუმთავრებია (თუ მხატვარს ვენდობით): „მხატვარი მაქს ერნსტი ეკლესიისგან განკვეთილია და მე მოვუწოდებ კრებას სამგზის წარმოქვას „ფუი“.

 

მეოცე საუკუნის ეს უმნიშველოვანესი ნაწარმოები დღეს ლუდვიგის მუზეუმშია გამოფენილი, დიდებული კიოლნის ტაძრიდან ორიოდ ნაბიჯში.  

 

 

 

ავტორის შესახებ ლაშა ბაქრაძე არის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი