რას უნდა ველოდოთ უკრაინის კონტრშეტევისგან? | ინტერვიუ

რუსეთ-უკრაინის ომში ფრონტის ხაზზე შედარებითი უძრაობისა და ზაფხულის მოახლოების ფონზე, ანალიტიკურ თუ პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ხშირდება საუბარი უკრაინის კონტრშეტევაზე.

პოლიტიკურ თუ ექსპერტულ წრეებში ტრიალებს აზრი, რომ კონტრიერიში და მისი შედეგები დიდად მნიშვნელოვანი იქნება – არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით.

იერიში, რომელიც ზელენსკის თქმით ყირიმის გათავისუფლებასაც კი ითვალისწინებს, არც ისე შორსაა, გვეუბნება პოლიტოლოგი გიორგი კობერიძე.

სად და როდის უნდა ველოდოთ ამ იერიშს, რას უქადის ეს ომს და როგორია მისი საშუალებით ომის დასრულების პერსპექტივები – „ნეტგაზეთის“ ამ კითხვებს სწორედ კობერიძემ უპასუხა.


საკმაო ხანია, ომში არცერთ მხარეს არ ჰქონია მნიშვნელოვანი სამხედრო წინსვლა. ვითარება თითქოს გვახსენებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელ სანგრების ომს, როცა მცირედი წინსვლაც დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული…

აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა. ვხედავთ სასანგრე და საფორტიფიკაციო ომს და აქ ნებისმიერი წინსვლა, ათობით თუ ასობით მეტრითაც, დაკავშირებულია უზარმაზარ მსხვერპლთან.

საფორტიფიკაციო ნაგებობის დანგრევისთვის ტექნიკური საშუალებები არსებობს, მაგრამ სადაც ტექნიკა არ მოქმედებს, აუცილებელია ცოცხალი ძალა, რასაც თან ახლავს უზარმაზარი მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით რუსულ არმიაში აღინიშნება, ვინაიდან რუსეთს აქვს მზაობა და ნება, ეს მსხვერპლი პრობლემის გარეშე გაიღოს.

უკრაინის შემთხვევაში საქმე რთულადაა – ისინი მეტად უფრთხილდებიან თითოეულ ჯარისკაცს, მაგრამ ისინი ყრუ დაცვაში ვერ იქნებიან. იერიშზე გადასვლისას აუცილებლად იქნება მსხვერპლი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსები ქმნიან რამდენიმე საფორტიფიკაციო ხაზს.


რუსული ფორტიფიკაციები აღმოსავლეთ უკრაინაში. წყარო: უკრაინული სამხედრო ჟურნალი „მილიტარნი“

საბოლოო ჯამში, ეს რეალობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. გარდატეხა, რაღაც თვალსაზრისით, უნდა მოხდეს. იყო მოლოდინი, რომ მოხდებოდა ეკონომიკური ან სხვა სახის გამოფიტვა, მაგრამ არცერთ მხარეს მსგავსი ნიშანი არ შეინიშნება.

აქედან გამომდინარე, ყურადღება მიპყრობილია უკრაინელთა კონტრშეტევაზე, ვინაიდან რუსული არმიის შეტევა დამოკიდებულია თითოეული მეტრის დაპყრობისას რამდენიმე ჯარისკაცის სიკვდილზე. ასე უკრაინის დაპყრობას წლები, ათწლეულები დასჭირდება. შესაბამისად, ყურადღებას იმას აქცევენ, რა პასუხი ექნება უკრაინას, რომელიც სასანგრე ომს ცხელ ფაზაში გადაიყვანს.

თქვენი აზრით, როგორი იქნება ეს პასუხი?

შეტევა იქნება არა ერთი, არამედ რამდენიმე მიმართულებით. სულ მცირე, აუცილებლად იქნება ზაპოროჟიეს ოლქში – ეს არის გაცხადებული მიმართულება. რამდენჯერმე დაისვა მისი გათავისუფლების საკითხი.

თუმცა იქნება რამდენიმე მიმართულებით შეტევა. უკრაინა შეეცდება, რუსეთი დააბნიოს, აღმოაჩინოს სუსტი წერტილი და გაარღვიოს ფრონტის ხაზი. ერთი კონცენტრირებული შეტევის შანსიც არსებობს, მაგრამ ეს რთულია, რადგან ამას დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალის მსხვერპლი ესაჭიროება [სამხედრო საქმეში მიჩნეულია, რომ ერთ მცველზე სამი შემტევი ჯარისკაცი უნდა მოდიოდეს – „ნეტგაზეთი“.]

თუმცა მიმართულება, ფაქტობრივად, ორია – აღმოსავლეთის – დონბასის და სამხრეთის – ხერსონის. რამდენად აქვს უკრაინას ორივეგან შეტევის რესურსი? თანაც, აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები თითქმის 10 წელია მიმდინარეობს და რუსებს იქ საფორტიფიკაციო ნაგებობები აქვთ…

უკრაინას სხვა გზა არ აქვს. ერთი მიმართულების გააქტიურებას, განსაკუთრებით ხერსონის, რუსები ელიან. ამ შემთხვევაში შესაძლო მარცხის ან მიზნის ვერ მიღწევის შანსი უფრო მაღალია. მით უფრო, არაურბანული სივრცეა სამხრეთის ოლქები და საფორტიფიკაციო ნაგებობების გადალახვა უფრო რთული იქნება, რაც არ არის მაინცდამაინც სასურველი უკრაინისთვის. რთულია ბრძოლები დიდ ურბანულ [საქალაქო] სივრცეებშიც.

ქალაქის ბრძოლის სირთულეები — დააჭირეთ სანახავად

ქალაქში ბრძოლისას, შედარებით ვიწრო ქუჩების გამო, მძიმე ტექნიკა, რომელიც შემტევი თუ დამცავი მხარისთვის უპირატესობას შეიძლება წარმოადგენდეს, რთულად ან საერთოდ ვერ გამოიყენება.

ასეთი ბრძოლებისას მნიშვნელოვანია უპირატესობა ცოცხალ ძალაში, თუმცა ორივე მხარეს, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს დიდი დანაკარგები. მაგალითისთვის, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასასრულისკენ, მიუხედავად გერმანული ძალების თითქმის სრული განადგურებისა, წითელმა არმიამ 100,000-იანი დანაკარგი განიცადა.

ეს უფრო არის სუსტი წერტილების აღმოჩენის მცდელობა. უკრაინელებს კი აქვთ დასავლური დაზვერვების ინფორმაცია, მაგრამ ერთია, რა ჩანს სატელიტური სურათებიდან და მეორე – რეალური სურათი. ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური უკრაინელებისთვის შემდეგია:

ფრონტზე სიტუაციის ნელ-ნელა გააქტიურება. არ იქნება ისე, რომ გათენდება და უკრაინა შეტევაზე გადავა. ნელ-ნელა გააქტიურდებიან და როგორც კი იპოვიან სუსტ წერტილს, მაქსიმალურად გაძლიერდება ზეწოლა.

გვაქვს თუ არა თქვენ მიერ ნახსენები გააქტიურების რამე ნიშნები?

დიახ. უკრაინული ავიაცია მონაწილეობს რამდენიმე მიმართულებით. დაიწყო არტილერიის კვლავ აქტიურად გამოყენება, განსაკუთრებით, სამხრეთში. ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც საფორტიფიკაციო ნაგებობების „შერბილების“ მცდელობა.

ასეთია გათვლა და ეს ლოგიკურადაც იყო მოსალოდნელი. მეორე მხრივ, გააქტიურების კვალდაკვალ ხდება ძალების გადასროლა, რასაც რუსებიც აკვირდებიან. კონტრშეტევა ვერავისთვის იქნება სიურპრიზი.

ამ თემას განვავრცობ – რუსეთში ბოლო დროს გახშირდა უპილოტო საფრენი აპარატების [დრონების] შეტევები. ზოგჯერ მათ სხვადასხვა ადგილებშიც პოულობენ. შეიძლება ესეც განვიხილოთ მომზადებად?

ეს წარმოადგენს პოლიტიკურ აქტს, თუმცა არამხოლოდ – პატარ-პატარა სამხედრო მიზნებიც ნადგურდება. ეს, პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად დიდი წნეხია რუსეთის საჰაერო და ზოგად თავდაცვაზე. ისინი იძულებულნი არიან, იზრუნონ თავდაცვაზე არა მარტო უკრაინაში, არამედ რუსეთშიც.

[ასეთ შემთხვევებზე „ნეტგაზეთიც“ წერდა. გირჩევთ: მოსკოვის მახლობლად ასაფეთქებლით დატვირთული დრონი იპოვეს].

ეს ნიშნავს, რომ რუსები იძულებულნი არიან, საკუთარი ობიექტების დასაცავად რუსეთში დატოვონ მძიმე საჰაერო ტექნიკა და ისეთი მნიშვნელოვანი შეიარაღება, როგორიცაა C-400 და C-300 [საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები – „ნეტგაზეთი“].

ამასთანავე, უკრაინელებს ეს იაფი უჯდებათ, მაშინ როცა რუსებს თითოეული გასროლილი რაკეტა – საკმაოდ ძვირი.

თქვენ ახსენეთ სუსტი წერტილები. ჩვენ, ბუნებრივია, შედარებით შეზღუდული ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ თქვენ ამ სუსტ წერტილებს ფრონტის რომელ მონაკვეთზე ხედავთ?

შეიძლება, უკრაინელებმაც კი არ იციან ჯერ ეს წერტილები. ისინიც კი აკვირდებიან არა მარტო სადაზვერვო ინფორმაციას, არამედ მცირე სადაზვერვო ოპერაციებით ავლენენ სუსტ წერტილებს. იყო ამის მცდელობები – მდინარე დნეპრის გასწვრივ, დონეცკის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

დანამდვილებით ვერ ვიტყვი, თუ სად აღმოაჩინენ ამ სუსტ წერტილებს, თუმცა მე ველი, რომ ისინი იქნება იქ, სადაც არიან პარტიზანები – ყველაზე მეტად ისინი აქტიურობენ მელიტოპოლის მიმართულებით. შეიძლება, სწორედ ეს იყოს სუსტი წერტილები.

არსებობს მოსაზრება, რომ „ვაგნერის“ ჯგუფი უფრო ეფექტიანად იბრძვის, ვიდრე რუსეთის რეგულარული ჯარი. შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ სუსტ წერტილებად ფრონტის სწორედ ის მონაკვეთები, სადაც რუსული რეგულარული ჯარია?

რუსული რეგულარული ჯარის დახმარება რომ არა, „ვაგნერი“ წარმატებული ვერ იქნებოდა. ეს წარმატება კი დამოკიდებულია მსხვერპლზე – არა პროფესიონალ სამხედროებზე, არამედ ადამიანების გაწირვაზე.

რაღა თქმა უნდა, რეგულარულმა ნაწილებმა კატასტროფული შედეგი დადეს უგლედარის მიმართულებით. სამი თვის განმავლობაში იქ განადგურდა ცოცხალი ძალის და ტექნიკის ის რაოდენობა, რაც მარიუპოლში.

შეიძლება ვთქვათ, რომ რეგულარულ ჯარს აქვს თავისი რესურსი, მაგრამ პრობლემაა, რომ ნება ყველა სამხედრო გაწირვისა აღარ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ ხალხს აღარ გაწირავენ რაოდენობრივად, უბრალოდ მაჩვენებელი მზარდი ვერ იქნება.

ამის თქმის საფუძველს მაძლევს ოფიცრების რაოდენობა ფრონტის ხაზზე – ისინი უბრალოდ დაიხოცნენ. კარგი მაგალითია პსკოვის ელიტარული დივიზია. მისი პირადი შემადგენლობის მხოლოდ 40-50% დარჩა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ დივიზია აღარ არსებობს.

ერთ-ერთი მონაკვეთი, სადაც ხსენებული „ვაგნერი“ იბრძვის – ბახმუტია. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს წერტილი უკრაინის კონტრიერიშის კონტექსტში?

ბახმუტმა შეასრულა თავისი როლი – იყო შეტევის მთავარი მიმართულება და ჰქონდა მინიმალური სტრატეგიული ღირებულება. რუსული არმიის და „ვაგნერის“ ნაწილები იქ განადგურდა. საუბარია 6000 სამხედროს დაღუპვაზე, 20 000-ის დაჭრაზე. ეს კატასტროფული დანაკარგებია ისეთი პატარა,  70 000-იანი,  ქალაქის აღებისთვის, როგორიც ბახმუტია. მით უმეტეს, რომ შეტევა ცხრა თვეზე მეტია მიდის.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბახმუტში ვიხილოთ უკრაინის მთავარი შეტევა. თუმცა ქალაქის ირგვლივ რუსების პოზიციები საკმაოდ სუსტია და არც ამ მიმართულებითაა რაიმე გამორიცხული.

გადავიდეთ უშუალოდ კონტრიერიშზე. როგორც აღნიშნეთ, მოსამზადებელი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ როდისთვის შეიძლება ველოდოთ თავად კონტრიერიშს?

მნიშვნელოვანია ამინდის გამოდარება, მიწის გაშრობა. მოულოდნელობის ეფექტი მაღალი ვერ იქნება, შეიძლება იყოს არჩეული რამდენიმე მიმართულება, უეცარი მანევრები, მათზე ყურადღების მიპყრობა და პროცესების დაწყება.

არის მოლოდინი, რომ ივნისის ბოლოს [იქნება კონტრიერიში]. ამ იერიშს დრო სჭირდება. შეიძლება ივლისშიც დაიწყოს, მაგრამ დრო შემოდგომამდე შემცირდება. სავარაუდოდ, ყველაფერი მოხდება ივნისის ბოლოსკენ, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ სხვა დღესაც.

გამოდის, რომ შემოდგომის წვიმებამდე უკრაინას დაახლოებით სამი თვე აქვს…

წარმატებული ოპერაციული შეტევები, ზოგადად, ტარდება ზაფხულში. შეიძლება შემოდგომაზეც და ზამთარშიც, მაგრამ [უკრაინის შეტევას] ელოდება უკრაინის ყველა მოკავშირე, მოლოდინი დიდია.

თუმცა ერთი მიმართულების გააქტიურებას შეიძლება მოჰყვეს მეორე, შემდეგ მესამე. ანუ, იერიში იყოს ეტაპობრივი და არა ერთდროული.

მოდით, გადავიდეთ შედეგებზე. დავყოთ ოთხ სცენარად – წარუმატებლობა, პროგრამა მინიმუმი, დამაკმაყოფილებელი შედეგი და დიდი წარმატება – როგორი იქნება თითოეული?

ვიტყოდი, რომ წარუმატებლობა იქნება რუსების ზამთრის იერიშის შედეგების გამეორება. მაშინ რუსეთმა ლუგანსკის ოლქიდან უკრაინელების სრული განდევნა, უგლედარის აღება და აღმოსავლეთში მათი მთავარი ღერძის, ავდიივკასა და მარიინკას ჩამოშლა სცადა. აქედან ვერაფერი მოახერხეს. ასეთი იქნება წარუმატებლობა უკრაინისთვისაც.

პროგრამა მინიმუმად შეიძლება შეფასდეს ერთი თავდაცვითი ზღუდვის გარღვევა მაინც, მიახლოება დიდ ურბანულ ცენტრთან. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დაკარგავს შეტევის ყოველგვარ ინიციატივას, მაგრამ შეიძლება, ფრონტზე ბევრი არაფერი შეიცვალოს.

რაც შეეხება დამაკმაყოფილებელ შედეგებს – თუ უკრაინა გაათავისუფლებს რომელიმე რაიონულ ცენტრს ან საფრთხეს შეუქმნის სხვა ოლქებს. ვგულისხმობ დანარჩენი ხერსონის, მელიტოპოლის გათავისუფლებას. ეს იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გარდამტეხი წარმატება.

პროგრამა მაქსიმუმი, სასურველი შედეგი, იქნება მარიუპოლის, ბერდიანსკის აღება, ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან გასვლა. ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება. აღმოსავლეთის მიმართულებით იგივე იქნება ლუგანსკის გათავისუფლება. დონეცკის ოლქში განსაკუთრებით რთულია.

შეიძლება ველოდოთ სიურპრიზებს – რაღაც სადესანტო მცდელობას ყირიმის მიმართულებით. ეს შოკი იქნება.

ამ ოთხიდან ყველაზე რეალისტური რომელი სცენარია?

თუკი შეიარაღებას და სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინა გამოიყენებს, პროგრამა დამაკმაყოფილებელი სავსებით რეალისტურია. სხვა შემთხვევაში, ომი მძიმე ფაზაში გადავა, სადაც გამოფიტვა უფრო რეალური იქნება. ომიც დიდხანს გაგრძელდება და შეიძლება პოლიტიკური ნების რყევებიც იყოს.

რამდენად შეცვლის ნებისმიერი შედეგი დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინისადმი?

დასავლეთს არჩევანი არ აქვს. დიდი ფსონი, ენერგია, ფული და იარაღი ჩაიდო. რუსეთის გამარჯვება ან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირების შერჩენა მსოფლიო წესრიგისთვის საფრთხის შემცველია.

ეს მიუთითებს სხვა ავტოკრატიულ და აგრესორ სახელმწიფოებს, რომ თუ ხანგრძლივად იომებენ, დასავლეთი გამოიფიტება. ასეთი იქნება სიგნალი, თუ დასავლეთი მხარდაჭერას შეწყვეტს.

ვვარაუდობ, რომ უკრაინელებისადმი მხარდაჭერა მოკლე ვადაში არ შემცირდება. მთავარია იმის ჩვენება, რომ უკრაინა წინ მიიწევს და მათი დახმარება ღირსეული საკითხია.

ზოგი ფიქრობს, რომ ტრამპის ან ვინმე სხვის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება, მაგრამ სტრატეგიული მიზნები მცირედაა დამოკიდებული შიდაპოლიტიკურ ძვრებზე. მიზეზი მარტივია – აქტიურადაა ჩართული ჩინეთიც, რომელიც უმზერს მოვლენებს. რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ჩინეთს რაღა შეაჩერებს?

ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ იგივე აშშ-ში ჩინეთის ფაქტორი ტრამპის ფრთას შეუნარჩუნებს მხარდაჭერას უკრაინისადმი?

შეიძლება ვთქვათ, რომ პრეცედენტი საერთაშორისო პოლიტიკაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პრეცედენტს უყურებს აშშ-ც და ჩინეთიც. თუ პეკინმა დაინახა, რომ ომს იგებს ავტოკრატიული რეჟიმი, რომელმაც დიდხანს იომა, ეს იქნება სიგნალი, რაც ესმით დასავლეთშიც და ამერიკაშიც. ჩინეთიც არის გარეშე ფაქტორი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თუ რუსეთი ახლა არ შეაკავეს, მომავალში ეს უფრო გაჭირდება.

დაბოლოს, რამდენად რეალისტურია, რომ კონტრიერიშის ნებისმიერმა შედეგმა რომელიმე მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ უბიძგოს?

მე ამ ომის ამ ეტაპზე სამშვიდობო მოლაპარაკებით გადაწყვეტას ნაკლებად ვვარაუდობ. ამის პოლიტიკური ნება უფრო რუსეთში არ იქნება, თუ, რა თქმა უნდ,ა არ იქნება საუბარი ანექსირებულის შენარჩუნებაზე.

რუსეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების „გაყიდვა“ გაჭირდება. შეიძლება გამოცხადდეს საბრძოლო ოპერაციების დასრულება, მაგრამ უკრაინასთან ზავზე, ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა საუბარი. არ ვგულისხმობ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.

ამასთანავე, უკრაინელებს აქვთ მზაობა, ომში მოახდინონ გარდატეხა და დასხდნენ მაგიდასთან, მაგრამ უკრაინაშიც ვერ „გაიყიდება“ ტერიტორიების ანექსია სამშვიდობო მოლაპარაკებებით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონეზე დამარცხდება მეორე ძალა კონტრიერიშის შედეგად.