„რუსული კანონის ანარეკლი“ – შაჰინი „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტები „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ არა ამერიკულის ანალოგი, არამედ „რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლია“.

„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში სენატორმა გაიმეორა, რომ კანონი შემაშფოთებელია, რის შესახებაც საქართველოს მთავრობასაც უთხრა და ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი“.

მისივე თქმით, ასეთი კანონის შედეგად რუსეთში შეიზღუდა მედიის თავისუფლება, ხოლო არასამთავრობო ორგანიზებმა მუშაობა შეწყვიტეს. შაჰინი შიშობს, რომ „ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც“.

სენატორი აღნიშნავს, რომ ინიციირებული კანონპროექტები საერთოდ არ ჰგავს ამერიკულ კანონს:

„ამერიკული კანონი მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ლობისტურ საქმიანობას ეწევიან, რომლებიც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ შეერთებული შტატების მთავრობაზე უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ის არ ამბობს, რომ მათ მუშაობის საშუალება და ლობირების გაგრძელება არ შეუძლიათ. უბრალოდ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვინ არიან ისინი და ვისთვის მუშაობენ.

იგივე ხდება მედიასაშუალებების შემთხვევაშიც, როცა „არ-თის“ [ყოფილი „რაშა თუდეი“] თუ ჩინურ ტელევიზიას მოეთხოვებათ, რომ დარეგისტრირდნენ, რათა მაყურებელმა იცოდეს, ვინ უხდის მათ ფულს და ვის წარმოადგენენ ისინი. როგორც მე მესმის, კანონპროექტი საქართველოში საერთოდ არ არის „ფარას“ მსგავსი“, – ამბობს შაჰინი.

მისივე თქმით, არასამთვრობო ორგანიზაციების შეშფოთებას ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ „რეალური გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე“.


2 მარტს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ.

სხდომა მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მიმდინარეობისას დააკავეს ოთხი პირი.