ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა – გომელაური საგარეჯოში მომხდარზე 

“ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა”, – განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 20 იანვარს საგარეჯოში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაჭრილია. 

გომელაურმა, რომელიც გამთენიისას შემთხვევის ადგილას ჩავიდა, მედიას განუცხადა, რომ პირი, რომელმაც 5 ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა, ყოფილი სამხედროა და შეიარაღებული ძალები 2021 წელს დატოვა. 

“ძალიან მძიმე შემთხვევაა. მინდა, რომ მივუსამძიმრო ოჯახებს. 5 ადამიანი გარდაცვლილია, ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 

“შემთხვევას ვერ ვხსნით ვერავინ, რა მოხდა. მოქალაქე, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა სახლიდან. იმყოფებოდა მისი შვილი სახლში. სრულწლოვანია ის ბავშვიც. დაიწყო ერთი მხრიდან სროლა აივნის, მერე მეორე მხრიდან. ამ ბავშვმა დატოვა მერე სახლი. მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, გახსნა ცეცხლი მეორე მხრიდან, რა დროსაც დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა ჩვენი თანამშრომელიც”, – ამბობს გომელაური. 

მინისტრის თქმით, ნოდარ ათუაშვილი  2006 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რომელიც 2021 წელს დატოვა. 

“ავღანეთშიც ნამყოფია”, – აღნიშნა გომელაურმა და დასძინა – “ როცა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა კარები შეაღეს, საწოლზე გადაწოლილი დახვდათ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს. თავიდან სისხლი მოსდიოდა, ნახეს ხელყუმბარის რგოლები”. 


რა მოხდა საგარეჯოში: