არ ასახავს ბელარუსელი ხალხის ნებას – ტიხანოვსკაია ლუკაშენკოს ვიზიტზე

ბელარუსელი ოპოზიციონერი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ეხმაურება ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი არ ასახავს ბელარუსელი ხალხის ნებას.

„დიქტატორი ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აჩვენებს, რომ ის პოლიტიკურად გაბანკროტებულია და სრულად დამოკიდებულია რუსეთზე. ლუკაშენკო არ ასახავს ბელარუსელი ხალხის ნებას. ჩვენს გაერთიანებულ ტრანსნაციონალურ კაბინეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გაცხადებული აქვს“ ,- წერს ტიხანოვსკაია ტვიტერზე, რომელიც 2020 წლის გაყალბებული არჩევნებისას პოლიტიკური დევნის გამო ლიეტუვაში ცხოვრობს.

The dictator Lukashenka’s visit to Abkhazia demonstrates his political bankruptcy & complete dependence on 🇷🇺. He does not reflect the will of the Belarusian people. Our United Transitional Cabinet has declared its support for the territorial integrity & sovereignty of Georgia. pic.twitter.com/WsjmEFW4jR

— Sviatlana Tsikhanouskaya (@Tsihanouskaya) September 29, 2022

 


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

ნახეთ ლუკაშენკოს ვიზიტზე ოკუპირებულ აფხაზეთში გამოხმაურებათა ნაწილი: