მერკელის პირველი კომენტარი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელმა მერკელმა დუმილი დაარღვია და უკრაინაში რუსეთის ომს “ბარბაროსული“ უწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მერკელმა პირველ ივნისს ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

Reuters-ის წყარო, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, ამბობს, რომ მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

მერკელმა ასევე მხარი დაუჭირა გერმანიის ხელისუფლების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნატო-ს მიერ „ამ ბარბაროსული ომის დასასრულის“ ძიებისთვის გაწეული ძალისხმევის გამო.

„ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა და რომელშიც შეიჭრა რუსეთი. მხარს ვუჭერ მის უფლებას, თავი დაიცვას“,-  განაცხადა მერკელმა.

ანგელა მერკელს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ თავისი 16-წლიანი მმართველობის პერიოდში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობას ცდილობდა, განსაკუთრებით, Nord Stream 2 გაზსადენზე დათანხმებისთვის. საბოლოოდ, მილსადენის პროექტი მისმა მემკვიდრემ, ოლაფ შოლცმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი დღით ადრე შეაჩერა.

ანგელა მერკელი გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატო-ს ბუქარესტის სამიტის 14 წლისთავზე, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად, ბუჩაში “დაპატიჟა”რუსეთის დაყვავების პოლიტიკის შედეგების სანახავად.

ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, გერმანიამ და საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები.