კომენტარი

„პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება“ – ნატოს ყოფილი მეთაურების ანალიზი

19 მარტი, 2022 • 26202
„პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება“ – ნატოს ყოფილი მეთაურების ანალიზი

„სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) მიერ ჩატარებული დისკუსიის ფარგლებში, ნატოს ძალების ევროპული სარდლობის ოთხმა ყოფილმა მეთაურმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, პუტინის მიზნებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

„ნეტგაზეთი“ მათი მთავარი განცხადებების თარგმანს გთავაზობთ.

რა არის პუტინის მიზანი?

გენერალი ფილიპ ბრიდლოვი: პუტინს საბჭოთა კავშირის კოლაფსი უდიდეს სირცხვილად მიაჩნია და ცდილობს, დაუბრუნოს რუსეთს თავისი ადგილი მსოფლიოში, როგორც ამას თავად ხედავს.

ვფიქრობ, ამჟამინდელი ვითარება არა მარტო უკრაინას ეხება. პუტინმა [დასავლეთს] ორი დოკუმენტი მოგვაწოდა და დააყოლა: ხელი მოაწერეთ, თორემ სხვა ზომებს მივმართავთ. ახლა ვიცით, რა ზომებზეა საუბარი.

მისი მიზანი აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გადაწერა და გავლენების სფეროს აღდგენაა, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლა ნატოს წევრები არიან.

თუმცა, ომი კარგად არ მიდის და ვფიქრობ, რომ მისი აზრით, რისკის ქვეშ დგას რუსეთისა და თავად მისი რეპუტაცია.

გენერალი ჯოზეფ რალტსონი: უნდა ვაღიარო, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრა გამიკვირდა. პუტინის სტრატეგიული ინტერესი ნატოს დაყოფა იყო, ახლა კი ნატო უფრო ერთიანია, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ომის მიმდინარეობა

გენერალი უესლი კლარკი: რუსეთის შეიარაღებული ძალები ქაღალდზე კარგად გამოიყურება. იფიქრებდით, რომ უკრაინაზე კონტროლს რამდენიმე დღეში დაამყარებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

[რუსეთის ჯარში] არ სჯერათ ინდივიდუალური ან ცალკეული ჯგუფის წვრთნების. ისინი კარგი ხარისხის აღჭურვილობას აწარმოებენ, მაგრამ ჯარისკაცები, რომლებიც მას იყენებენ, არ არიან მოტივირებულნი. მათ არ გაუვლიათ წვრთნები. ბრძოლას ინდივიდუალურ დონეზე იგებენ – ჯარისკაცი კომპეტენტური და მოტივირებული უნდა იყოს, უნდა იცოდეს, რას აკეთებს. ამ შემთხვევაში ასე არაა.

ცუდადაა კოორდინირებული ერთობლივი საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები. სად არის ნაქები საჰაერო ძალები? სახმელეთო ოპერაციებს ისინი დიდად ვერ ეხმარებიან. არადა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ბევრი თვითმფრინავი ჰყავს. რას აკეთებენ ისინი?

საკითხავია ისიც, რა დაემართა ლოჯისტიკას და ინჟინერიას? მეორე მსოფლიო ომში რუსები კარგი ინჟინრები იყვნენ. ახლა კი მათი ძალები ვერ გასცდა ჩერნობილს. ისინი ერთ გზაზე დარჩნენ. როცა წასვლა დააპირეს, ტანკები ტალახში გაიჭედა. ნუთუ არ იცოდნენ, რა დაბრკოლებები იქნებოდა? ან როგორ აპირებენ საწვავის ჩასხმას, ტყვია-წამლის მიღებას?

გენერალი ჯეიმზ ჯონზი: ვიეტნამში, ავღანეთში ან სხვა ადგილებში ისეთივე სულისკვეთებით რომ გვებრძოლა, როგორც უკრაინელებს, ვფიქრობ, სულ სხვა შედეგი გვექნებოდა. თუ მივაწვდით, რაც სჭირდებათ, ყველაფერი პუტინისთვის ძალიან ცუდად შეიძლება განვითარდეს.

როცა მე ბარაკ ობამას მრჩეველი ვიყავი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და იგი პირველად ჩავიდა მოსკოვში, პუტინმა საუზმისას დაგვიწყო ახსნა, როგორ ხედავს მსოფლიოს. გარდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა მას პლანეტის უდიდეს კატასტროფად მიაჩნია, პუტინმა აღნიშნა, რომ ნატო რუსეთის მტერია და მისთვის ასეთად დარჩება.

თუ უკრაინას მიეწოდება საჭირო აღჭურვილობა – უკეთესი ანტი-საჰაერო რაკეტები, დრონები და ა.შ., რუსეთის ძალებისთვის სიტუაცია ძალიან უსიამოვნო შეიძლება გახდეს.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და დახმარება

გენერალი ჯოზეფ რალტსონი: „მიგ-29“-ების გადაცემის საკითხი უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ვეჭვობ, რომ ამ თვითმფრინავების ნახევარზე მეტი არაა გამოსადეგი. ისინი ვერ იფრენენ სათადარიგო ნაწილების გარეშე, მოსკოვი კი უკრაინას მათ არ მიაწვდის.

რისი გაკეთება შეგვიძლია? ვფიქრობ, უკრაინის მხარდაჭერის საკითხში გაუბედაობას ვიჩენთ. თუ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, ვითარება გაუარესდება. იგი უკრაინაში არ შეჩერდება და ნატოს წევრ ქვეყნებსაც მიადგება.

გენერალი უესლი კლარკი: ვფიქრობ, საკმარისს არ ვაკეთებთ. წლების განმავლობაში სიძუნწეს ვიჩენდით, ვაგვიანებდით დახმარებას. უკრაინა არის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე, რომელსაცთან რუსეთს დაპირისპრება მოუწია.

2014-15 წლებში იქ ვიყავი. ვნახე, როგორ იბრძოდნენ. ეს ხალხი საოცრად მოტივირებულია და კომპეტენტურია. ჩვენ საკუთარ თავზე მეტი რისკი უნდა ავიღოთ.

არ ვიცით, როგორია წითელი ხაზები. რა თქმა უნდა, არ გვსურს მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ მეტის გაკეთებაც შეგვიძლია.

„პუტინი მოქმედებს, ჩვენ კი ვრეაგირებთ“

გენერალი ფილიპ ბრიდლოვი: კონფლიქტამდე ძალიან პასიური პოზიცია გვეჭირა. პუტინი მოქმედებს, ჩვენ კი ვრეაგირებთ. ეს მტრისთვის ინიციატივის დათმობაა.

პასიურმა შეკავებამ აქტიური ზომების წინააღმდეგ ვერ შეაჩერა პუტინი. ჩვენმა ლიდერებმა აუხსნეს მას, თუ რა მოხდებოდა შეჭრის შემთხვევაში. მან ყველაფერი აწონ-დაწონა და მაინც მიიღო შეჭრის გადაწყვეტილება.

ასევე ვთხოვდი ჩვენს ლიდერებს, აღარ განაცხადონ ყოველ გამოსვლაში, რომ „ნატოს ტერიტორიის ყველა გოჯს დავიცავთ“. ეს კარგი გზავნილია, მაგრამ იმდენჯერ განმეორდა, რომ ვფიქრობ, უკრაინელმა ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ მათ არ დავიცავთ. მართალია, უკრაინას ვეხმარებით, მაგრამ რეალურად გადავყწვიტეთ, უკრაინამ მარტომ იბრძოლოს.

გენერალი ჯოზეფ რალსტონი: საკითხი უფრო მასშტაბურია და ვშიშობ, რომ პუტინი, უკრაინას თუ გაცდება, არ გაჩერდება და მალე, მაგალითად, ლიეტუვადან კალინინგრადამდე კორიდორს მოითხოვს.

გენერალი უესლი კლარკი: პუტინს შეუძლია ბალტიისპირეთის ქვეყნების აღება იქამდე, სანამ ჩვენ რამის გაკეთებას მოვასწრებთ. ალბათ, თუ ბირთვული ომით დაიმუქრება, ვიკითხავთ: „ნუთუ ეს ბირთვულ ომად ღირს?“ რას ვუპასუხებთ, თუ იქ ამერიკელი ჯარისკაცები იქნებიან, ის კი გვეტყვის, რომ მათ დააბრუნებს, მაგრამ დაამატებს, რომ ეს მისი ტერიტორიაა, საბჭოთა კავშირის ნაწილი?

თუ შესაძლებელია აშშ-ის დაშინება – „აი ამას დავიცავთ, მაგრამ იმას არა“ – მაშინ რა იცავს ტაივანს? ან ესტონეთს?

ევროპის დაცვა უკვე გადის არა აღმოსავლეთ გერმანიაში, არამედ ბალტიის და შავი ზღვის სახელმწიფოებში.

„შანსი გვაქვს… პუტინს პოზიციები დიდი ხნით დავაკარგინოთ“

გენერალი უესლი კლარკი: საკითხავი ისაა, ვაკეთებთ თუ არა იმდენს, რომ დავემუქროთ პუტინის დარჩენას ხელისუფლებაში? შეგვიძლია ამის გარისკვა? არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, თუმცა მეუბნებიან, რომ თუ იგი ბირთვულ ღილაკს დააჭერს, არიან პასუხისმგებლიანი თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ [ბირთვული ომი] არ დაიწყოს. არ ვიცი, ეს იმედებია თუ სიმართლე.

პუტინმა მთელი თავისი მომავალი დადო ომზე. იგი არაა სტაბილიზატორი ფაქტორი ევროპაში. თუ ომი მოლაპარაკებით დასრულდება, იგი მორიგი ნაჭრისთვის მობრუნდება, არ დაკმაყოფილდება სტაბილიზაციით. ახლა გვაქვს შესაძლებლობა მივაღწიოთ უფრო მეტს, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტას. გვაქვს შანსი, მივაღწიოთ წარმატებას, რომელიც პუტინს პოზიციებს დიდი ხნით დააკარგვინებს. უნდა ვცადოთ.


იხილეთ აგრეთვე:

მასალების გადაბეჭდვის წესი