როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ომზე

ავტორი: მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი


ზოგჯერ დგება დრო, როცა ომობანაბავშვის საყვარელი თამაში აღარ არის და ის მის რეალურ ცხოვრებაში იჭრება. ომი, არც მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გატაცებით ყურებაა, მაშინ, როცა შენ შენს თბილ სახლში ზიხარ, მშობლების გარემოცვაში და რაღაცას ისეთს განიცდი, რასაც საშიში ზღაპრის მოსმენისას განიცდიდი დედის ან მამის კალთაში გემრიელად მოკალათებული. სამწუხაროდ, ომი ზოგჯერ რეალურ ამბად იქცევა და არა მარტო ბავშვის, არამედ ზრდასრული ადამიანის ბაზისურ რწმენებს უტევს – იმაზე, რომ სამყარო მშვიდი და სამართლიანია, რომ სხვა ადამიანების ნდობა შეიძლება და ის, რომ სიკეთე ყველაშია ან ყველგანაა.

უსაფრთხოების განცდა ადამიანის საბაზისო საჭიროებაა და ომი კი ამ საყრდენს გვაცლის.

ასეთ დროს, ჩვენ უფროსებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება, რომ ბავშვებს გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ. გარკვეულ ასაკამდე, ბავშვი საშიშროებას უფროსების „თვალებით უყურებს“ და ზუსტადიმეორებს ჩვენს ქცევებს და შინაგან განცდებს – ისევე ეშინია, როგორც ჩვენ, შეიძლება უფრო მეტადაც, რადგან მას უსაზღვრო ფანტაზია აქვს და ამავდროულად იცის, რომსაკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.

როგორ დავიცვათ ბავშვები იმ ამბებისგან, სადაც ომი წამყვანი თემაა? უკვე ერთი კვირაა, რაც უკრაინაში შექმნილი ვითარება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. რას ხედავენ ჩვენი შვილები ამ დღეებში – ჩვენ გამუდმებით ტელეეკრანთან ან ჩვენს სმარტფონებთან ვართ და ჩვენს ეგზისტენციალურ შიშებს ინფორმაციის სწრაფი და უწყვეტი ნაკადის მიღებით ვუმკლავდებით. მერე ამ ამბებს ერთმანეთთან განვიხილავთ, ემოციებს გამოვხატავთ – ხან ვბრაზობთ, ხან გვეშინია … ამ დროს ბავშვს უამრავი შეკითხვა უჩნდება და თუ არ ვპასუხობთ, ან არასწორ მოლოდინებს ვუქმნით, მას გაურკვევლობის განცდა ეუფლება. ალბათ არ ღირს მათთვის ზღაპრების მოყოლა და არარეალისტური სურათის დახატვა, რადგან ეს ორაზროვნება და ბუნდოვანება მათთვის უფრო შემაშინებელი შეიძლება იყოს. ერთის მხრივ ის ხედავს, რომ ჩვენი დღის რუტინა მთლიანად შეცვლილია, მთლიანად ამ ამბით ვართ მოცული, მეორეს მხრივ კი ვეუბნებით, რომ „საშიში არაფერია“. არც ის გაჭრის, რომ ისინი სრულ იზოლაციაში მოვაქციოთ, საკუთარ სივრცეში გამოვკეტოთ, რადგან ან ჩვენი შეძახილები ესმით გვერდითა ოთახიდან, ან ფრაზები საინფორმაციო გამოშვებებიდან, ან სულაც საკუთარი თანატოლებისგან ისმენენ ათას ტყუილსა და მართალს.

როგორ მოვიქცეთ?