კომენტარი

თუ პუტინი უკრაინას დაიმორჩილებს, საქართველოს მძიმე მომავალი ელის — სტივენ ჯონსი

9 თებერვალი, 2022 • 4247
თუ პუტინი უკრაინას დაიმორჩილებს, საქართველოს მძიმე მომავალი ელის — სტივენ ჯონსი

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სტივენ ჯონსი მიიჩნევს, რომ საქართველოს პასიური საგარეო პოლიტიკა აქვს და გააქტიურება მართებს.

„საქართველო უფრო აქტიური უნდა იყოს, განსაკუთრებით, შექმნილ მდგომარეობაში. დასავლეთის ყურადღება პატარა ქვეყნისთვის მოკლევადიანია, დასავლეთს ყოველთვის სხვა, დიდი ინტერესები გააჩნია. მეტი ყურადღების გამოჩენაა ყველაზე კარგი ფაქტორი და ამიტომ პასიური საგარეო პოლიტიკა არ არის სარგებლიანი საქართველოსთვის, უფრო მეტად უნდა იაქტიუროს“, — განაცხადა სტივენ ჯონსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე „როგორ განვსაზღვროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები უკრაინის კრიზისის ფონზე?“.

მისი აზრით, საქართველოს მთავრობა არ იყენებს საშუალებებს, შეიძინოს სხვა მოკავშირეები, გარდა აშშ-ის და ევროპისა, გააფართოოს საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და უფრო ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, თურქეთთან და ირანთან.

ჯონსმა აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის შექმნილი გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ყველაზე კარგი საშუალება ძლიერი დემოკრატიაა.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, დიდ ძალებს შორის ჩახშობილი. თავისი ისტორიის მანძილზე მან უფრო მეტს გაუძლო დიპლომატიით, ვიდრე ომით. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მცდელობა, რომ დაებალანსებინა დასავლეთი და რუსეთი, არ ყოფილა წარმატებული. ამან ვერ ააცილა ქვეყანას რუსეთის ინტერვენცია შევარდნაძის პერიოდში. უკრაინის კონფლიქტის მიმართ სიჩუმის შენარჩუნება რუსეთთან დაკავშირებით შეიძლება გონივრული იყოს 2008 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ შეცვლის რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. საქართველომ მკაფიოდ განაცხადა, რომ უნდა ნატო-ს წევრობა; ასევე, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს 2024 წელს. ასეთი განზრახვები არის ის, რაც ყველაზე მეტად ეზიზღება პუტინს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს გააჩეროს. თუ პუტინი შეძლებს უკრაინის დამორჩილებას, მაშინ საქართველოს ელოდება ძალიან მძიმე მომავალი. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, სამწუხაროდ, არ არიან საქართველოს საიმედო დამცველები და საქართველომ ეს იცის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ისინი წარმოადგენენ საუკეთესო შესაძლებლობებს, რაც კი საქართველოს გააჩნია სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა სტივენ ჯონსმა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს და უკრაინას, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვან სახელმწიფოებს, ერთიან პაკეტში განიხილავს, ისევე როგორც ნატო-ს შემთხვევაში, „თუ ერთი მიიღებს MAP-ს (გაწევრიანების სამოქმედო გეგმას), მეორეც მიიღებს“.

„საქართველო არ არის დაცული დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის გარეშე. საქართველოს აქვს რეალისტური არჩევანი თუნდაც ისეთ სიტუაციაში, როგორც დღევანდელობაა. ქვეყანა, რომელსაც სულ რაღაც 4 მილიონამდე  მოსახლეობა ჰყავს, უკვე აღიარებულია თავისი პოზიციის, სარგებლის გამო, რისი მოტანაც შეუძლია დანარჩენი სამყაროსთვის. იფიქრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს თქვენს ქვეყანას, მაგალითად, ენერგოხაზების მიმართულებით; იფიქრეთ საქართველოს წვლილზე ნატო-ს ძალებთან ერთად სამხედრო ფორმატებში; მის როლზე დემოკრატიის მშენებლობაში სამხრეთ კავკასიაში; რბილ ძალაზე, როგორიცაა საქართველოს კულტურა; ეს არის მიღწევები, რომელიც გვეხმარება საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში. საქართველოს ერთგულება დემოკრატიისადმი და აღებული ვალდებულებები არის საუკეთესო იარაღი საგარეო ურთიერთობებში. რადგნაც ეს დარჩება ძალაში, ძალაში დარჩება საქართველოს მნიშვნელობა ევროპისთვის. ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელობას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის შესუსტება“, — თქვა სტივენ ჯონსმა.

ჯონსი ამბობს, რომ რუსეთისნაირი პრობლემური მეზობლის ფონზე, საქართველოს მთავრობა უნდა მოიქცეს საკმაოდ ფრთხილად, თუმცა შეუძლია მეტი გააკეთოს საგარეო პოლიტიკაში.

„უკრაინის მოკავშირეობა და მასთან მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მოლდოვასთან უფრო ძლიერი ურთიერთობა კარგი იქნებოდა. როგორც ვხედავ, საქართველოს მთავრობა არ იყენებს ამ შესაძლებლობას. 2008 წელს, როცა საქართველოში ომი იყო, აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები ჩამოვიდნენ და ძლიერი მხარდაჭერა გამოგიცხადეს“, — აღნიშნა მან.

სტივენ ჯონსის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ევროპა ყოველთვის ეძებდა კომპრომისს და აჩვენებდა სისუსტეს რუსეთის მიმართ, მაგრამ ახლა უფრო ძლიერ და სწორ პოზიციაზე დგას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელი და დაცული დასავლეთის მიერ. თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინის წინააღმდეგ, წარმოიდგინეთ, მაშინ სად იქნება საქართველო? — რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესთა სფეროში. თუ ჩვენ, დასავლეთმა არ ვაჩვენეთ რუსეთს სოლიდარობა (და ამაში შედის საქართველო), ამ შემთხვევაში საქართველოს საკმაოდ ცუდი მომავალი ელოდება. საერთოდ, პუტინი ითვლება ჭკვიან სტრატეგად, მაგრამ ამ შემთხვევაში ვხედავთ, მისმა მუქარამ საპირისპირო შედეგი გამოიღო — უკრაინაში გაიზარდა ეროვნული მგრძნობელობა, უფრო მეტი სოლიდარობაა ხალხში, დასავლეთში გაიზარდა კონსოლიდაცია და უკრაინის მხარდაჭერა“, — განაცხადა ჯონსმა.

მან ისაუბრა პოლარიზაციის აღმოფხვრისა და პარტიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც საქართველოს შიგნით, აღნიშნა რა, რომ ეს გააძლიერებდა დასავლეთის მხარდაჭერას.

მასალების გადაბეჭდვის წესი