პრობლემაა, თუ სახელმწიფოს პატიმრის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება არ შეუძლია – სიმონიშვილი პენიტენციურზე

საიას თავამჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურის არგუმენტები ზოგადი და აბსტრაქტულია.

მისი თქმით, პენიტენციურის მიერ დასახელებული მიზეზითა და მსგავსი ზოგადი დასაბუთებით პატიმრის გადაყვანაზე უარის თქმა დაუშვებელია.

ნეტგაზეთთან საუბრისას სიმონიშვილი ყურადღებას ამახვილებს პენიტენციურის იმ არგუმენტზე, რომელიც სააკაშვილის სასამართლოში უსაფრთხო ტრანსპორტირების რისკებს შეეხება. სიმონიშვილის თქმით, აღნიშნული არგუმენტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგადად სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობებს.

„პენიტენციური სამსახურის ნებისმიერი გადაწყვეტილება ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პირის სამართლიანი სასამართლოს უფლება იყოს დაცული. ჩვენ ვნახეთ ორი ძირითადი არგუმენტი, ერთი შეეხებოდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეორე კი, უსაფრთხოების რისკებს. რა თქმა უნდა, აქ გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხი და მათ შორის ექიმიც საუბრობდა ამაზე.

მეორე საკითხია უსაფრთხოების რისკები, რაზეც სახელმწიფო ამბობს იმას, რომ ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში უსაფრთხოებას და კონკრეტული პატიმრის ტრანსპორტირებას, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. თუ ეს არგუმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კითხვა ისმის, რომ ეს როდემდე შეიძლება გაგრძელდეს და საერთოდ რამდენად შეუძლია ქვეყანაში სამართალდამცავ ორგანოებს უსაფრთხოების საკითხის უზრუნველყოფა?!“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პენიტენციური სამსახურის არგუმენტებს დასაშვებად ჩავთვლით, მაშინ სააკაშვილისთვის ალტერნატივა დროულად უნდა შეეთავაზებინათ.

„ამასაც რომ თავი დავანებოთ და ჩავთვალოთ, რომ პენიტენციური სამსახურის არგუმენტები ორივე ნაწილში წონადი იყო, მაშინ აქ ისმის მეორე კითხვა, რატომ არ იყო შეთავაზებული დროულად ალტერნატივა, თუნდაც ამ პირობების არსებობის შემთხვევაში – თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებაში საჯაროდ სხდომის ჩატარება ან სხდომის ონლაინ ჩატარება. ამდენად, ეს ქმედება ბევრ კითხვას ბადებს“, – განაცხადა სიმონიშვილმა.


პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გადაიყვანენ. განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყება ახსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც “იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით”.

სააკაშვილის ინტერესების დამცველები მოითხოვენ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი სასამართლო დარბაზში ჩატარდეს. თუმცა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ 10 ნოემბერს დაგეგმილი პროცესის გამართვას ციხის საკანში მოითხოვენ, რადგან არსებობს უსაფრთხოების რისკები.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მას ბრალად ედება 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლების პირობებში კიდევ ორი საქმეა აღძრული. დღეს, 10 ნოემბერს, სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილს სასამართლოში არ გადაიყვანენ