გერმანიის ელჩი: რუსეთთან თუ რუსეთზე საუბარი – საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია

პირველ რიგში, სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ნეტგაზეთის რედაქციის სახელით, მობრძანებისა და იმისთვის, რომ ბიოლის ფონდთან ერთად სწორედ გერმანიის საელჩომ წარადგინა ნეტგაზეთი პრესის ევროპული ჯილდოს ნომინაციაზე…

ჩვენ აქ დიდი სიამოვნებით მოვედით, ხოლო რაც შეეხება ჯილდოს, თქვენ ის დაიმსახურეთ.

თქვენ სხვადასხვა დროს გერმანიის ელჩის მოადგილის პოსტზე გიმუშავიათ ირანსა და ესტონეთში. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც პირდაპირ ელჩად იწყებთ მუშაობას, შესაბამისად, ალბათ განსაკუთრებული შემართებით უდგებით ამ სამუშაოს… რა არის თქვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა ამ თანამდებობაზე?


ბეტინა კადენბახი © ნეტგაზეთი
ბეტინა კადენბახი © ნეტგაზეთი

 

ჩემი, როგორც ელჩის მთავარი ამოცანაა, რომ ის ძალიან კარგი ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობს, უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთ. მე არ მაქვს მყარი დღის წესრიგი, ჯერ მსურს, რომ ჩემი კოლეგების გამოციდლება გავიზიარო, რაც მათ აქ მიღებული აქვთ, რათა ვიპოვოთ საერთო პოზიციები. მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაღრმავება და განვითარება.

ვიცით, რომ გერმანიაში სწავლის გაგრძელების კუთხით დღეისათვის საქართველოში გარკვეული პროგრამები ხორციელდება, მაგრამ ხომ არ უნდა ველოდოთ ამ კუთხით რაიმე სიახლეს. ეს ძალიან ბევრ ქართველ სტუდენტს აინტერესებს…

 

გერმანია რჩება ქართველი სტუდენტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ქვეყნად, სადაც ისინი სწვლობენ. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს და გვინდა, რომ ასეც დარჩეს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, დღესდღეობით დაახლოებით 3000-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს გერმანიაში. ძალიან ბევრი მათგანი ამას გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის მიერ მიღებული სტიპენდიებით ახერხებს. რამდენიმე რიცხვი მინდა დაგისახელოთ: მოყოლებული 2006 წლიდან ამ გაცვლით სამსახურს უკვე 800-მდე სტიპენდია აქვს გაცემული. მხოლოდ 2015 წელს უკვე 88 სტიპენდია გაიცა. ეს არის სტიპენდიები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საზაფხულო, ასევე სამაგისტრო, საბაკალავრო კურსებისთვის და საკვლევი სტიპენდიები. ეს პროგრამები ძალიან კარგად არის დამკვიდრებული და ჩვენი სურვილია, რომ ისინი გაგრძელდეს.

 

ვისაც აქვს ინტერესი, რომ გერმანიაში სასწავლებლად სტიპენდია მიიღოს, მე ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, გოეთეს ინსტიტუტს მიაკითხოს… ამ ინსტიტუში არსებობს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის საინფორმაციო ცენტრი, სადაც ყველა დაინტერესებული პირი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას სტიპენდიების შესახებ. გარდა აკადემიური სამსახურის სტიპენდიებისა, ჩვენ გვაქვს მულტილატერალური თანამშრომლობა პოლიტიკურ ფონდებთან და სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევე გასცმენ სტიპენდიებს. ამ ყველაფრის ერთგვარი დამაგვირგვინებელი არის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია, მაგრამ ყველა ინფორმაცია ამ სტიპენდიებისა და შესაძლებლობების შესახებ შეგიძლიათ მიიღო გოეთეს ინსტიტუტში, საინფორმაციო ცენტრში.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას არ გაუვრცელებია განცხადება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახალი ე.წ. სადემარკაციო ნიშნების აღმართვასთან დაკავშირებით. რა პოზიცია აქვს ამ კუთხით ბერლინს?

 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქალბატონმა ფედერიკა მოგერინიმ თქვა, რომ სადემარკაციო ნიშნების აღმართვას მივყავართ დაძაბულობის გაზრდისა და მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესებისკენ. ამ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ყველა მსგავსი აქცია მიუღებელია და დაგმობილი იქნება ევროკავშირის მიერ. ქალბატონი მოგერინი ლაპარაკობს ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის სახელით, ამიტომ გერმანიას განსაკუთრებული განცხადება არ გაუკეთებია. ასევე, ამ დღეების განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელმაც იგივე განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, გერმანიას დასამატებელი არაფერი ჰქონია.

როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ გამოწვევაზე? ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის რეაქცია საკმაოდ პასიურია..

მე სულაც არ ვფიქრობ ასე… მე მგონი, საქართველოს მთავრობა სწორედაც რომ ძალიან წარმატებული იყო იმ საკითხში, რომ ის პრობლემები, რომლებიც იქ შეიქმნა, წინ წამოეწია სხვადასხვა ორგანიზაციის დღის წესრიგში.

 

არა მხოლოდ ევროკავშირმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ამ საკითხზე, არამედ გაეროს გენერალურმა მდივანმაც  გააკეთა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არავითარ შემთხვევაში არ დადგება ეჭვქვეშ.

 

საერთაშორისო დონეზე ამაზე მეტი განცხადებების გაკეთება შეუძლებელია. ეს აჩვენებს იმას, რომ ქართული დიპლომატია ძალიან წარმატებული იყო. ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა, რა იქნებოდა ამის ალტერნატივა?

 

ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ დამგმობი განცხადებები არ არის საკმარისი და საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა, მაგალითად, საუბარი გაეროს უშიშორების საბჭოს სხდომის მოწვევაზე, ჟენევის რიგგარეშე სხდომაზე, ევროკავშირის ლიდერების ჯგუფის ჩამოყვანზე საქართველოში და მათი ადგილზე ჩასვლაზე, რათა ამან გარკვეულწილად შემაკავებელი ეფექტი იქონიოს რუსეთის წინააღმდეგ.

 

როცა ამბობთ, რომ მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის და, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა იყო საჭირო ან სხვა… როდესაც რაღაც ხდება, იმას შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონდეს… ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა: რა უნდა გააკეთოს მსოფლიოს საზოაგდოებამ, თუკი ამაზე უარესი რაღაც მოხდება, ანუ ყველაფერს ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც არსებობს. ის აკვირდება, ყველაფერს, სწავლობს, გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეკრება, განხილულ იქნა ეს საკითხები, ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა სახის რეაქციაა ყველაზე მიზანშეწონილი ამა თუ იმ მოვლენის დროს

დღეისათვის საქართველოში მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, უნდა გააგრძელოს თუ არა თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობა კარასინი-აბაშიძის ფორმატში, თუ შეწყვიტოს ეს ფორმატი და მოსკოვთან საუბარი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგორბობის ჩართულობით აწარმოოს იმავე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამ დისკუსიის თაობაზე, რას ურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას?

 

აქ ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. ჩემი ამოცანა არ არის, რომ საქართველოს მთავრობას რაიმე ვურჩიო, მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი, გერმანული გამოცდილებიდან გამომდინარე დიალოგი ყოველთვის ყველაზე სწორი გამოსავალია. ყველა არხი, რომელიც არსებობს ამ ფორმატაში გახსნილი უნდა იყოს. დიალოგით ყოველთვის შეიძლება მივაღწიოთ წინსვლასა და ადამაინებისთვის პირობების გაუმჯობესებას.

 

ეს რუსეთთან დიალოგსაც ეხება?

 

უნდა დავსვათ შეკითხვა: რა არის ამის ალტერნატივა? თუ ერთმანეთთან არ ისაუბრებთ, არც არაფერი გაუმჯობესდება და შეიცვლება ამ ურთიერთობებში. რა იქნება ალტერნატივა: რუსეთთან საუბარი, თუ რუსეთზე საუბარი მესამე მხარესთან ერთად. ეს, საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.

ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელიც თქვენ საქართველოში გამართეთ, იყო თინა ხიდაშელთან, თავდაცვის მინისტრთან. თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტზე საქართველო MAP-ს ითხოვს და მოთხოვნის ნაწილში ტონის დაწევას არ აპირებს. უნდა ელოდოს თუ არა საქართველო გერმანიის მხარდაჭერას ამ საკითხზე?

 

პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ გერმანია მარტო არ წყვეტს, ყველა გადაწყვეტილება ნატოს ფარგლებში მიიღება ალიანსის ყველა წევრის შეთანხმებით. მეორე, ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და გვჭირდება სტრატეგიული მოთმინება. MAP ნატოს წევრობამდე ბოლო ნაბიჯია. ამიტომ ძალიან კარგად არის დასაფიქრებელი, ვინ ვართ, სად ვართ, რა სიტუაციაა საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორი ძნელია ვითარება ევროპული უსაფრთხოების კუთხითაც, შემდეგ უნდა ვიფიქროთ, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ და რა გადაწყვეტილებები მივიღოთ მომდევნო სამიტზე. სტრატეგიული მოთმინება საქართველოსთვის აუცილებელია და ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც.

 

ჩვენ შევიმუშავეთ სუბსტანციური მხარდაჭერის პაკეტი, რომლითაც შეიქმნა პლატფორმა, რის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია საქართველო ნატოს დავუახლოვოთ, მაგრამ ამ პაკეტის ყველა საშუალება ჯერ განხორციელებული არ არის. როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება მსოფლიოს სტაბილურობის კონტექსტით და გათვალისწინებით იქნას მიღებული.

 

ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მხოლოდ სიტყვა MAP-მდე დაყვანილი არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავითვალისიწნოთ ის, რაც კეთდება ნატოსა და საქართველოს შორის, რა ურთიერთობებიც არსებობს, რასაც ახლა ვაკეთებთ. მაგალითად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში, ტრენინგ-ცენტების შექმნა და სხვა ღონისძიებები. ეს არის მთავარი და არა სიტყვა MAP. ჩვენთვის მთავარია ნამდვილი პარტნიორობის ჩამოყალიბება ნატოსა და საქართველოს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, შექმნის იმ უსაფრთხოებას, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენთვის.