ბატონო მიხეილ, როდისთვის იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი?
იანვარში იხილება ამ ვიზიტის გამართვა. [პრემიერის] ვიზიტის დროს გაიმართება შეხვედრები და საქართველო-უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის მთელი სპექტრი იქნება განხილული: ეკონომიკური ბლოკი, პოლიტიკური თემები, საერთო გამოწვევები… გარკვეულ დოკუმენტებს მოეწერება ხელი… უკრაინასთან 100-ზე მეტი შეთანხმება გვაქვს. გვაქვს რამდენიმე შეთანხმება, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, მათ შორის ოქმი კულტურის სფეროშია, რომელიც 2015-2018 წლებზეა გათვლილი.
გაიმართება თუ არა უმაღლესი რანგის შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან, პრემიერთან?
ცხადია… უმაღლესი დონის შეხვედრები იქნება.
ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინის ხელისუფლებაში რა ინფორმაციას ფლობთ?
ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. კი, ეს ფაქტი აქ გახმოვანდა, მაგრამ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და არ მგონია, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამებოდეს. მე მხოლოდ მედიის საშუალებებით მოვისმინე.
თქვენ ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლების შესაბამის უწყებებისთვის არ გიკითხავთ?
ჩვენ რა უნდა მოვიკითხოთ, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება… მედიის გარდა ამის შესახებ ინფორმაცია სხვა დონეზე არ მსმენია.
როგორ უყურებთ უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრების დანიშვნას, ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი გახდა.
ეს არის სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილება. უკრაინა რეფორმების გატარებას ცდილობს, ექსპერტები მოიწვიეს რამდენიმე ქვეყნიდან – ლიტვიდან, ამერიკიდან, მათ შორის საქართველოდან ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც მინისტრად დაინიშნა. ეს მათი გადაწყვეტილებაა, პატივი ვცეთ ამ გადაწყვეტილებას.
თბილისიდან იყო ასეთი პათოსი, რომ ამ ადამიანებმა საქართველოში ვერ განახორციელეს წარმატებული რეფორმები და ასე შემდეგ, რაც ერთგვარ რჩევასაც ჰგავდა. კიევის მხრიდან რა რეაქცია მოჰყვა ამ გამოხმაურებებს, ხომ არ დაგიკავშირდათ თქვენ ვინმე, მაგალითად, უკრაინის საგარეო უწყებიდან?
მსგავსი არაფერი ყოფილა. ამ ადამიანებმა რეფორმები უნდა გაატარონ და წარმატება ვუსურვოთ. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია.
ამ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრები ინიშნებიან ახლა უკრაინის ხელისუფლებაში?
ჩვენი ურთიერთობები ღრმა იყო. ბევრი ვიზიტია, უკრაინელი მინისტრები იმყოფებოდნენ საქართველოში, კიევშიც იმყოფებოდნენ საქართველოს წარმომადგენლები. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, გვაქვს კოორდინაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კონტექსტში – ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა სამმხრივ რეჟიმში ვმუშაობთ. უმრავი საკითხი გვაქვს: ვაჭრობა მიდის წინ, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და უკრაინას შორის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია, 2013 წელს 126 ათასი ტურისტი ეწვია საქართველოს უკრაინიდან, წელს კი 10 თვეში შემოვიდა თითქმის 126 ათასი ტურისტი.
კულტურული ღონისძიებების კუთხით მიდის თანამშრომლობა. სხვათა შორის, 12-ში [დეკემბერი] კიევში ბიზნესფორუმი გაიმართება, სადაც ბიზნესმენები აჭარიდან ჩამოვლენ. ეს აჭარაში ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს.
ბიზნესის რომელ სექტორზე მუშაობენ ეს ბიზნესმენები?
მშენებლები, დეველოპერები, ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. რაც აჭარისთვის პრიორიტეტულია, ყველა სფეროში მომუშავე ბიზნესმენი ჩამოვა. დაახლოებით 20 ბიზნესმენზეა ლაპარაკი. უკრაინის სავაჭრო პალატაა ჩართული. უკრაინის ტურისტული კომპანიები მიიღებენ ბიზნესფორუმში მონაწილეობას.
კონკრეტულად ვინ არიან ეს ბიზნესმენები, თუ შეგიძლიათ გვითხრათ?
ახლა არა, მაგრამ რამდენიმე დღეში შემეძლება ამ ინფორმაციის მოწოდება.
თქვენ საუბრობთ კულტურის, ბიზნესის, ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაზე, მაგრამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ საკითხებში არ უჭერს მხარს უკრაინას საქართველო.
პოლიტიკური კონსულტაციები რომ ტარდება – ეს რას ნიშნავს? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯალაღანია ხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. ეს პოლიტიკური საკითხი არ არის? თამარ ბერუჩაშვილმა ჩაატარა კონსულტაციები. ეს პოლიტიკური საკითხი არ არის?
სხვა რამეს გეკითხებით, რუსეთთან კონფლიქტის კონტექსტში იყო თუ არა თბილისის მხრიდან გამოხატული სათანადო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ?
წაიკითხეთ პარლამენტის, პრეზიდენტის, საგარეო უწყების, პრემიერის განცხადებები… საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ამას გეუბნებით მოქმედი ელჩი, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაშია ჩართული.
მინდა პრემიერ-მინისტრის ის განცხადება შეგახსენოთ, რომელიც “ფაინანშალ ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან შეიარაღების გადაცემა ამ კონფლიქტში გამოსავალი არ იქნება. მის ამ განცხადებას თუ მოჰყვა რაიმე საპროტესტო რეაქცია კიევის მხრიდან?
პრემიერმა ეს განცხადება ცოტა სხვა კონტექსტში გააკეთა… უკრაინის მხრიდან ამაზე რაიმე შეკითხვები ნამდვილად არ ყოფილა. ეს საკითხი არც დაუყენებიათ. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ერთი მომავალი და ერთი გზა გვაქვს ევროპისკენ.
