ქალაქი მწვანეში
აეროპორტიდან ბელგრადამდე გზა მინდვრებსა და ტყეებს მიუყვება. ავტომობილით გადაადგილების დროს გულმოდგინედ ვაკვირდებოდი გარემოს და ძალიან მალე ჩემს მეგობრებს ირონიულად გადავულაპარაკე – რა არის ეს, კი მაგრამ აქ არავინ ჭრის ხეს? ნეტა ჩვენი, რომელიმე ქალაქის გამწვანების სამსახურს მისცა აქაურობა და ნახავენ მერე, როგორ უნდა „გაამწვანო“ ქალაქი. არადა, ბელგრადსა და ქალაქის შემოგარენს, ისევე როგორც ციდან დანახულ სერბეთს, სიმწვანე ნამდვილად არ დაეწუნება. მდინარეების – დუნაისა და სავას შორის მოქცეული ვეებერთელა ტერიტორიები თითქმის ხელუხლებად არის შენარჩუნებული და საოცარ ელფერს აძლევს გარემოს. ერთი სიტყვით, ბელგრადს თბილისთან შედარებით იმისთანა სიმწვანე აქვს, რომ ჩვენს დედაქალაქს არც კი დაესიზმრება.
თუმცა, სიმწვანე არ არის ერთადერთი, რამაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია ბელგრადში. აი, მაგალითად, ქალაქის ცენტრალური და ისტორიული ნაწილები, სადაც ყველაზე ხშირად მიწევდა ფეხით გადაადგილება, იშვიათად თუ გაიგონებდა კაცი ავტომობილის სიგნალის ხმას. და ჩვენთან როგორ არის? შუქნიშანზე წითელი ნათების ან კიდევ საცობში დგომისას მეათე მანქანა მეცხრეს უსიგნალებს, არიქა, მიდექი-მოდექი, თორემ დავწყდით ხალხიო.
ცალკე თემაა ქალაქის ისტორიული ნაწილი. მშვენიერი არქიტექტურითა და ქალაქის დაგეგმარებით. ქალაქის ძველ ნაწილში არც უსახური შენობებია ყოველ ფეხის ნაბიჯზე და არც ქვის ჯუნგლებია სოკოებივით ამოზრდილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადი ნამდვილად არ განეკუთვნება დავარცხნილ, გაკრიალებულ და სუფთა ევროპულ ქალაქთა რიცხვს და მოსაწესრიგებელ-გასამართიც ჯერ კიდევ ბევრია ქალაქში, იქ ბევრად მეტად იგრძნობა ევროპა, ვიდრე ჩვენში. ჩემი პირადი შთაბეჭდილებით, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, საერთო ევროპულ ოჯახში სრულ ინტეგრაციამდე მათ უფრო მოკლე მანძილი აქვთ გასავლელი, ვიდრე ჩვენ.
რა მინდოდა ბელგრადში
დასასრული ანუ დასაწყისი
ბელგრადში გამგზავრება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე მომიწია. თვითმფრინავში ჩასხდომის წინ ბოლო შემოწმებისას, ის ისევე იდგა რიგში და ელოდა თავის დროს, როგორც სხვა მგზავრები, არანაირი რიგის დარღვევის მცდელობა, ან კიდევ სტატუსით სარგებლობა. ბილეთიც ეკონომკლასში ჰქონდა აღებული და სტამბოლში ტრანსფერის დროსაც მშვიდად მიუყვებოდა მორიგი საკონტროლო პროცედურისწინა ლაბირინთს და ზღვა ხალხის რიგს. ის ადამიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ბატონი ფილიპ დიმიტროვი იყო და სავარაუდოდ, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა. სტატუსისა და რანგის მიუხედავად, მას არ უსარგებლია ე.წ. ვიპ გასასვლელებით და მგზავრების დიდ ნაწილს საერთოდ არ გაუგია მისი იქ ყოფნის შესახებ. შესაბამისად, არც დისკომფორტი შეჰქმნია ვინმეს. ჰოდა, ასე, ევროპასთან ხელშეკრულების ხელმოწერა სულაც არ ნიშნავს, რომ დაიძინებ და მეორე დღეს ევროპელად გაიღვიძებ. პირველ ეტაპზე ჩვენი ევროპელობის საზომი ჩვენივე ქცევაა. ქცევა, როგორც აეროპორტებში, ქუჩებში, შენობებში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ისე მთლიანად ქვეყანაში.
