კომენტარი

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა თბილისში

12 თებერვალი, 2014 • • 1281
ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა თბილისში

 

 

 

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა გახსნა:

 

„მინდა მივესალმო ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველ ვიზიტს საქართველოში, განსაკუთრებით, ჩვენს ქართველ პარტნიორებსა და საქართველოს თავდაცვისა და და საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან მომხსენებლებს, ასევე, თავდაცვის ატაშეებს. დიდი პატივია თქვენი მონაწილეობა დღევანდელ შეხვედრაში. ნატოს სამხედრო კომიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს საქართველოში მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის. სამხედრო კომიტეტის წევრები მადლიერებას გამოხატავენ დღევანდელი შესაძლებლობისთვის – პირადად მიიღონ ინფორმაცია საქართველოს მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ და უშუალოდ გაეცნონ საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს. ნატო მიესალმება საქართველოს სამხედრო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, პრაქტიკულ თანამშრომლობასა და ნატოს სამხედრო ძალებთან ურთიერთთავსებადობის მეტად განვითარებას. მინდა ხაზგასმით აღვიშნო, რომ ნატო საქართველოს სანდო სამხედრო პარტნიორად მიიჩნევს, ჩვენი თანამშრომლობა ღია და კეთილსინდისიერი დიალოგით ხასიათდება. მადლობას ვუხდით საქართველოს ნატოს ეგიდით მიმდინარე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის და თქვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებისათვის შეუერთდეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. მინდა მოვუწოდო ქართველ კოლეგებს, კვლავ გააგრძელონ პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობა, რაც ჩვენი ურთიერთობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით განაცხადა ბარტელსმა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელსა და საქართველოში აკრედიტებულ ნატოს თავდაცვის ატაშეებს, საქართველოს სამხედრო წარმოამდგენელს ნატოში, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებს:

 

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა საქართველოში. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, სამხედრო კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველოში რომ ჩამობრძანდით და კიდევ ერთხელ გამოხატეთ ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებისთვის. დღეს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა პირადად გაეცნოთ საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგებს და ერთად განვიხილოთ ალიანსისა და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები. გასულ წელს საქართველომ დემოკრატიის განვითარებისა და რეფორმირების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ნატოს შემფასებელთა ჯგუფის მიერ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა. მიმდინარე წელს გავაგრძელებთ პროგრესს სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტში აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით. 2013 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის სისტემატიზაციაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ვიმუშავეთ. ამავე დროს, ვაგრძელებთ თავდაცვის ტრანსფორმაციისთვის კონცეპტუალური ბაზის შემუშავებას (შესყიდვების სისტემის დახვეწა, მართვა და კონტროლი, ავიაცია, საბრძოლო საინჟინრო, საჰაერო დაზვერვა და ანტი-სატანკო შესაძლებლობები, დაზვერვა და წინასწარი შეტყობინების სისტემა, სპეციალური ოპერაციების ძალები, საბრძოლო მხარდაჭერა). განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სამხედრო განათლებისა და პერსონალის მართვის სისტემის ინსტიტუციონალიზაციას. ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ამ მხრივ ძალიან დასაფასებელია. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი კურსის შესახებ, რაც საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალღონეს არ იშურებს ალიანსთან ურთიერთავსებადობის მისაღწევად. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ არსებული თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურად გამოყენება და ალიანსთან აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელება. საქართველოს ალიანსის მხარდამხარ წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის საზღვრებს გარეთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაში. 2014 წელს 1600 ქართველი სამხედრო მოსამსახურე კვლავ გააგრძელებს ISAF-ის საერთაშორისო მისიის შესრულებას ავღანეთში. საქართველო აქტიურადაა ჩართული 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ნატოს ეგიდით სამომავლო საწვრთნელი მისიის დაგეგმარების პროცესში და ასევე, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნატოს მხარდამჭერ მისიაში ავღანეთში. უფრო მეტიც, ჩვენ ვანვითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას ავღანელ კოლეგებთან, რაც ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად. ჩვენ ავღანელ სამხედროებს საქართველოს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საწვრთნელ ცენტრებში სწავლებას ვთავაზობთ. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება ავღანეთიდან სატრანზიტო დერეფნის უზრუნველყოფის საქმეში. საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა ინფრასტრუქტურა, გარდა ამისა, საქართველოს გავლით სატრანზიტო გზა ნაკლებხარჯიანი და მოკლეა ალიანსისთვის. ნება მიბოძეთ, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღვნიშნო, ჩვენ მიერ აღებული ვალდებულება შევუერთდეთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015-2016 წლებში. დაბოლოს, ძვირფასო კოლეგებო, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოში ვიზიტისთვის, რომელიც პირველად იმართება. გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ დისკუსიებს“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი