რატომ არის მნიშვნელოვანი მეცხრე არხის შესყიდვა და საზოგადოებრვ არხად ქცევა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის პირობებში?
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” არსებობს, მაგრამ მან ვერ შეძლო საზოგადოებრივი მაუწყებლობა. ამ პროცესში მეც ვიყავი ჩართული 2 წელი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სამწუხაროდ, ყველა ჩვენი მცდელობა, რომ ეს არხი ყოფილიყო მართლა საზოგადოებრივი მაუწყებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, წარუმატებლად დასრულდა.
საქმე არის შემდეგში, რომ ეს არხი მოხვდება იმ ადამიანის ან ადამიანების ჯგუფის ხელში, რომლებიც მეცხრე არხს გამოიყენებენ, როგორც იარაღს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის.
რადგან პრემიერს აქვს დეკლარირებული მიზანი, რომ უნდა სამოქალაქო სექტორის განვითარება და ის თვლის, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ წავა და მიეხმარება სამოქალაქო სექტორს განვითარებაში, სწორედ ამიტომ არის მეორე არჩევანი, რომ მან ეს ტელევიზია არ გაყიდოს და გადასცეს, ვთქვათ, ასეთ ჯგუფს, რომელსაც ექნება ძალიან კონკრეტული ამოცანები, არამედ მისცეს სამოქალაქო საზოგადოებას, ეს ჩემი ინიციატივის პათოსიც, ამ 1 ლარის, და ვასიკოს [მაღლაფერიძე] ინიციატივის პათოსიც იდენტურია.
თქვენ ხომ შეგიძლიათ სხვა არხი დააარსოთ იმავე კონცეფციით?
არა მარტო მე, ეს ყველას შეუძლია. ამას სჭირდება ინვესტიციები. აქ არის საუბარი იმაზე, რომ არსებობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, არსებობენ თანამშორომლები, ვისაც ამ ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. თითქოს პრემიერისთვის სულერთია, როგორ გაასხვისებს ამას. არ მგონია, რომ პრემიერი აქედან ეხლა ეძებდეს ფინანსურ სარგებელს, ამ არხის სარფიანად გაყიდვიდან. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, რომ აქ იმ თანხებზე იყოს საუბარი, რომელიც პრემიერისთვის იქნებოდა მთავარი მოტივატორი.
ფეისბუქით ხდება ადამიანების მობილიზება, თუმცა ხშირად ხდება, რომ რომელიმე აქციაზე 100 ადამიანი მიდის, მაშინ, როცა ფეისბუქში შექმნილი გვერდის საშუალებით 2 ათასი აპირებს მისვლას.
ეს საფრთხეები არსებობს და ძალიან ლეგიტიმურია ეს კითხვები. ალბათ ყველა საბოლოოდ არ მიიღებს მონაწილეობას, ვინც ამ ჯგუფშია, მაგრამ მთავარი არის თვითონ ფაქტი. თუნდაც ნუ იქნება 4000 კაცი. იყოს 400 კაცი, ვინც რეალურად შექმნის მართვად სააქციო საზოგადოებას. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, ანუ 4000 ადამიანიდან 10% უკვე რეალურად ფიქრობს ამაზე. ეს უკვე ძალიან კარგია.
რამდენი უნდა გაიღოს ფესიბუქში შექმნილი ჯგუფის თითოეულმა წევრმა ტელევიზიის შესაძენად?
სხვადასხვა გათვლებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო კომენტარები და ფეისბუქის ვერსიები. არსებობს რაღაცა გათვლები და წარმოდგენები, მაგრამ ამაზე ოფიციალურად საუბარი ჯერ ნაადრევია.
როგორ უნდა შეინახოთ არხი, ეს ხომ დიდ ფინანსურ შესაძლებლობებთან იქნება დაკავშრიებული?
მგონია, რომ ნაადრევია საუბარი. მთავარი კითხვა, რაც უნდა დაისვას, არის, რომ როგორი არხი სჭირდება დღეს საზოგადოებას, როგორი იქნებოდა ყველაზე სასარგებლო და რა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას.
აი, ბოლოს, ვიცი, რომ მეცხრე არხის რეიტინგები იყო ძალიან დაბალი, მაგალითად. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ ფულს იხდიდა მისი მფლობელი, ფაქტია, რომ საზოგადოებას ის უკვე ნაკლებად აინტერესებდა. არჩევნების შემდეგ მან ვერ შეძლო მისთვის საინტერესო პროდუქტების შეთავაზება, განსხვავებით იმავე “რუსთავი2”-ისგან, რომელსაც არჩევნებამდე ძალიან ბევრი ადამიანი არ უყურებდა, მაგრამ არჩევნების მერე დაიწყეს ყურება.
მეცხრე არხის ბაზაზე გაკეთდება აბსოლუტურად ახლებური, უნიკალური კონცეფცია ტელევიზიის. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ტელევიზიას პოტენციალი სარეკლამო ბაზარზე აქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველსავე დღეს ტელეკომპანია იქნება მომგებიანი და შეძლებს საკუთარი თავის რჩენას, ალბათ მასაც დასჭირდება გარკვეულწილად რაღაც პერიოდი ინვესტიციები, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ არ არის ძალიან ბევრი მილიონი იმისათვის, რომ გააკეთო ერთი კარგი ტელევიზია.
ბიძინა ივანიშვილისთვისაც საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოესმინა, რა კონკრეტული გეგმები გაქვთ ტელევიზიასთან დაკავშირებით?
აქამდე თუ მივა საქმე, რა თქმა უნდა, მერე ამ ყველაფერზე კონკრეტულად შეიძლება საუბარი, უბრალოდ, ახლა ცოტა სასაცილო იქნება ჩემი მხრიდან ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი. თუ მივა საქმე-საქმეზე და რეალურად განიხილავს ამ ინიციატივებს, მერე უკვე შეიძლება ვისაუბროთ, როგორ და რა ფორმებით ვხედავთ ამ ყველაფრის რეალიზებას და რა სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რა უნდა იქნას, ასე ვთქვათ, ფინანსების წყარო, როგორ ვხედავთ მის ფინანსირებას, და ა.შ და ამაში მარტო მე კი არა, უამრავი ადამიანი იქნება, სავარაუდოდ, ჩართული.
მეცხრე არხის რეიტინგულობის კლება ახსენეთ. თქვენ როგორ შეძლებთ, რომ ამ ტელევიზიის რეიტინგი გაზარდოთ?
სწორედ ამის საჭიროება იყო არჩევნების შემდეგ, რომ თვისობრივად შეცვლილიყო ამ არხის კონცეფცია. სამწუხაროდ, ასეთი თვისობრივად განახლებული კონცეფცია ჩვენ ვერ ვიხილეთ და ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ძალიან ობიექტურად შეაფასა ეს ყველაფერი მაყურებელმა და დაკარგა ამ არხის მიმართ ინტერესი. მთავარი ხიბლი ეს არის, რომ მეცხრე არხის ბაზაზე, ვგულისხმობ მატერიალურ, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, და ამ ბაზაზე შეიქმნას საზოგადოებრივი არხის ახალი კონცეფცია, რომელიც ძალიან ცოტა რამეთი შეიძლება გავდეს ძველ მეცხრე არხს.
გარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსისა, ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემების სიუხვე. ისეთ თემებზე ყოველდღიური მსჯელობა, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, რომლებიც, როგორ წესი კანტი-კუნტად ხვდებიან პოლიტიკურ თოქ-შოუებში.
თუ ბიძინა ივანიშვილმა სხვა მყიდველთან შედარებით უპირატესობა მოგანიჭათ, ფიქრობთ თუ არა, რომ გაჩნდება კითხვები თქვენს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით?
მარტივად გეტყვით, რატომ არა. ვასიკო მაღლაფერიძის გუშინდელი ინიციატივა დაიბადა და განხორციელდა სოციალურ ქსელებში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვალი ადევნოს, როგორ შეიქმნა და როგორ ვითარდებოდა. ერთ დღეში დაიწყო ეს მოძრაობა. შეიქმნა ეს ჯგუფი, აბსოლიტურად გამჭვირვალედ მიდიოდა პროცესი.
თავად ვასიკო მაღლაფერიძემ მეცხრე არხი რახანია დატოვა. იმაზე სპეკულაციები, რომ ვასიკო მაღლაფერიძე შეკრულია პრემიერთან, სასაცილოა. ისევე როგორც არ ვიცი, ვის შეიძლება ჰქონდეს ეჭვები ჩემს შეკრულობასთან დაკავშირებით, როდესაც 9 წელია უკვე დამოუკიდებელ მედიას ვაკეთებ. არა მგონია, რომ არსებობდეს რაიმე საფუძველი ამ სპეკულაციებისათვის.
თქვენ შეძლებთ იყოთ კრიტიკული თუნდაც ბიძინა ივანშვილის მიმართ?
რა ვიცი, 9 წელია, მე მგონი, ამას ვახერხებ. ესაა დეკლარირებული მიზანი, იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან.
