კომენტარი |

ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს

6 აგვისტო, 2013 | | 1825
ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ნინი ჩაკვეტაძე
ნინი ჩაკვეტაძე

ჩემი თუნდაც ერთი წერილი თქვენამდე რომ მოსულიყო, ან ერთ ადამიანს მაინც რომ გადმოეცა ჩემი თხოვნა, დარწმუნებული ვარ, სიტუაცია სულ სხვანაირი იქნებოდა. სანამ მთავარზე გადავიდოდე, დასაწყისისთვის ჯერ ჩემზე მოგწერთ მოკლედ. საჯაროდ საკუთარი თავის შესახებ ლაპარაკზე უხერხული არა მგონია რამე იყოს, მაგრამ ესეც ამბის ნაწილია.

გწერთ ახალგაზრდა, 25 წლის თეატრის რეჟისორი, ნინი ჩაკვეტაძე. ,,განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვთა” მერიის და საქართველოს პრეზიდენტის ორგზის სტიპენდიანტი. 4 პროზაული წიგნის ავტორი, არაერთ კონკურსში გამარჯვებული და პირველი ხარისხის დიპლომების და პრიზების მფლობელი და ა.შ.

დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, დრამის სარეჟისორო, 100%-იანი სახელმწიფო გრანტით. სამი წლის განმავლობაში 4  სხვადასხვა თეატრში დავდგი 6 სპექტაკლი. მოგებული მაქვს 2 ფესტივალი ,,არდიფესტი2011″ – ჟიურის სპეციალური პრიზი – საუკეთესო სპექტაკლი (ჟიურის თავმჯდომარე თემურ ჩხეიძე) და ბათუმში ,,24- საათიან ფესტივალზე” საუკეთესო რეჟისორის პრიზი. 

ახლა, რაც შეეხება ვითარებას, რომელშიც აღმოვჩნდი: 2012 წლის ოქტომბრის თვეში ობიექტური მიზეზების გამო შემექმნა საცხოვრებელი სახლის სერიოზული პრობლემა (ძველი თბილისის რაიონი). მას შემდეგ დღემდე ვცხოვრობ ქირით დედასთან ერთად.  იმ პერიოდში, როცა ბინა დავკარგეთ, მშვიდად ვიყავი, რადგან ,,ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში და საარჩევნო პროგრამაში იყო გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტები. ასევე განხორციელდებოდა სხვადასხვა სოციალური პროექტები და ა.შ.

 

გამაოგნებელია ის, რომ  10 თვის განმავლობაში ქვეყანაში არ დამიტოვებია არც ერთი სტრუქტურა, ინსტანცია თუ ორგანო, რომელსაც არ მივმართე.  ჩემი პრობლემის შესახებ ინფორმირებულია თითქმის ყველა სამინისტრო და არაერთი მაღალჩინოსანი პირი. თუმცა გულგრილობა, არაკომპეტენტურობა და ზოგ შემთხვევაში სრული არაადეკვატურობა, რომელსაც პასუხად ვისმენ შოკისმომგვრელია. ფაქტიურად, ქვეყანა უძლური აღმოჩნდა ერთი ახალგაზრდა ხელოვანის პრობლემის წინაშე. ამას ემატება ის უკანონო ,,კანონი”, რომლის მიხედვითაც მაქვს მაღალი სარეიტინგო ქულა, რადგან წელიწადში ერთჯერადად მაქვს ჰონორარი აღებული 2700 ლარის ოდენობით. ამას დამატებული დედას პენსია.

არც ერთი ბანკი უზრუნველყოფის გარეშე კრედიტს არ მაძლევს და  სახელმწიფო არ მიტოვებს არანაირ შანსს გადარჩენისას, არ მთავაზობს არანაირ ალტერნატივას. ერთადერთი გამოსავალი რაც მქონდა, მიმემართა დიპლომატიური კორპუსისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის, გამემართა პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისთვის და დამეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. რამდენად მძიმეა და რთულია ეს გადაწყვეტილება, თქვენც ხვდებით ალბათ. ალბათ ასეც მოვიქცეოდი, რომ არა ერთი ფაქტორი  – ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი.

ბატონი თამაზის ამბავი, მგონი, ბავშვმაც კი იცის, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: ეს ის ადამიანია, ბატონო ბიძინა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ყველა კუთხით მიწვდა, რომელიც ბოლომდე გვერდით გედგათ და რომელიც კბილებით იცავდა იმას, რისიც დღემდე სწამს – საქართველოს უკეთეს მომავალს. წინა ხელისუფლების უსამართლობა ბატონი თამაზის ოჯახის ყველა წევრს შეეხო და პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთი გამოატარა. დარწმუნებული ვარ, მთელი მისი ისტორია კარგად იცით. გირაოს უპრეცედენტო თანხაზე, 6 მილიონზეც იქნება თქვენთვის ცნობილი, რომელიც მას საკუთარი რძლის გასათავისუფლებლად გადაახდევინეს. 21 ივნისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ ელიზბარაშვილს კუთვნილი გირაოს თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა დაბრუნებოდა, თუმცა აღსრულების ბიურო პროცესს დღემდე აჭიანურებს.

თამაზ ელიზბარაშვილი აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ამბავი და რომელიც პრაქტიკულად ჩემი ბოლო იმედია. ეს არის ადამიანი ასობით ადამიანს შორის, ვინც ჩემდამი ყურადღება გამოიჩინა. და მარტო მე არ ვარ ასეთი. თამაზ ელიზბარაშვილი წლებია ქველმოქმედებას ეწევა და ამის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის.  მივმართე ქალაქის პროკურორს მაია მწარიაშვილს, არჩილ კბილაშვილს და თეა წულუკიანსაც. ყველა მათგანს ავუხსენი არსებული სიტუაცია და ვთხოვე, ელიზბარაშვილის საქმე სამართლებრივად გადაეწყვიტათ. სოციალურ ქსელ facebook-ის მეშვეობით იგივე თხოვნით მივწერე მანანა კობახიძეს, გედი ფოფხაძეს, ელისო ჩაფიძეს და თამარ ჩუგოშვილს. თუმცა პასუხი არც ერთი მათგანისგან არ მიმიღია. 

ბატონო ბიძინა, ამიხსენით, იმის ფონზე, როდესაც ბაჩო ახალაიას  უდანაშაულოდ ცნობენ, ის, რაც თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით ხდება, სამართლიანია? ამის გულისთვის ვიბრძოდით მე და ჩემი მეგობრები? როცა სამართლიანი ქვეყნის შენებას პირდებოდით  ერს,  ამას გულისხმობდით? მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც 9 აპრილი, მხედრიონი, თბილისში მოზუზუნე ტყვიები, უშუქობა, ტალონებზე ნაყიდი პური და ვარდების რევოლუცია გამოიარა. მე ის ვარ, ვინც 7 ნოემბერს, ლექციაზე მჯდომი, საკუთარმა სახელმწიფოს მთავრობამ მომწამლა და საავადმყოფოში გავიღვიძე. ის ვარ,  ვინც აგვისტოს ომის დროს საკუთარი თვალით ხედავდა, ფოთს როგორ ბომბავდნენ და ის, ვინც არჩევნებამდე გვერდით გედგათ და უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა. ყველაფერი, რაც ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოში მოხდა, საკუთარ თავზე მაქვს გადავლილი და ახლა სახელმწიფი მეუბნება, რომ მისთვის აბსოლუტურად სულერთია, მე ტყეში ვიცხოვრებ თუ ქუჩაში.  

ბატონო ბიძინა, საჯაროდ მოგმართავთ თხოვნით, რომ ბატონი თამაზ ელიზბარაშვილის საქმე სახელმწიფომ სამართლიანად გადაწყვიტოს და უშუალოდ თქვენ აიღოთ პასუხისმგებლობა. როცა ჯარისკაცი შეცდომას უშვებს, სიტუაცია გენერალმა უნდა გამოასწოროს. მომეცით საშუალება ვიცხოვრო ქვეყანაში, რომელმაც უკვე ყველაფერი წამართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ საწყის გადაწყვეტილებას დავუბრუნდები და მივმართავ ყველას, ვისაც ხმას მივაწვდენ. 21-ე საუკუნეში კი ეს არც ისე რთულია. სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ არანაირი სხვა არჩევანი არ დამიტოვა .

მასალების გადაბეჭდვის წესი