კორძაია: ხელისუფლება მზადაა, ხელყოს პირადი ცხოვრება, როცა ის სხვათა ხელყოფისგან უნდა დაიცვას

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ამბობს, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი არსებულ მდგომარეობას აუარესებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება “თავის სასარგებლოდ იყენებს”.

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ფარული მოსმენების განსახორციელებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუში სსიპ-ის შექმნას ითვალისწინებს.

“მხედველობაში მაქვს პირადი ცხოვრების დაცვა ხელისუფლების ხელყოფისგან. ბევრი დისკუსიაა იმაზე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებეში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მეორეს მოუსმინოს, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და ამ პრობლემაზე ევროპა საუბრობს. მაგრამ ჩვენ ამ პრობლემის განხილვამდე ვერ მივდივართ იმიტომ, რომ ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც უნდა დაიცვას ჩემი პირადი ცხოვრება სხვა პირის ხელყოფისგან, ის თვითონ მზად არის, ხელყოს ჩემი პირადი ცხოვრება. რეალური გზა ამ წუთას ამ პრობლემის გამოსწორების ნამდვილად არ ჩანს. ეს ის რისკია, რაც უკვე არსებულმა ვითარებამ შექმნა,”- ამბობს თამარ კორძაია.

თამარ კორძაიას თქმით, არსებულ ვითარებასთან შედარებით შემოთავაზებულ კანონპროექტში დაუსაბუთებლად არის გაფართოებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ-ის უფლებამოსილებები. კერძოდ, სააგენტოს შეეძლება, შევიდეს და აუდიტი ჩაუტაროს სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს. კორძაია ამბობს, რომ კანონში ძალიან ბუნდოვანია, რა მიზნით უნდა შევიდნენ მობილურ ოპერატორებთან, ეს კი ზრდის ინფორმაციაზე არალეგიტიმური წვდომის რისკებს:

წარმოიდგინეთ, შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა სერვერის შემოწმება შეუძლია. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებში ვიცით, რომ ინფორმაციის გადმოწერას უნდა წამები. არ ვიცით, ამ შემოწმებას როგორ ატარებს, ამ აუდიტორს მიჰყვება ვინმე? მოწმეები არიან თუ არა და ა.შ.”- ამბობს თამარ კორძაია.

მისვე თქმით, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლად შექმნილი სააგენტო დამოუკიდებელი იქნება, უნდა არსებობდეს ამ დამოუკიდებლობის სამართლებრივი მექანიზმები. კორძაია მიუთითებს სამ საკითხზე, რომელიც, მისივე თქმთ, აჩვენებს, რომ ფარული მოსმენების განსახორციელებლად შექმნილი სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება:

[checklist]

[/checklist]

ნეტგაზეთთან საუბრისას კორძაიამ ასევე განცხადა, რომ პარლამენტის მიერ შემოთავაზებული მოდელი “პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას”. მისივე თქმით, თეორიულად, ქვეყნის შიგნით არსებობს ერთადერთი მექანიზმი, რომ კანონი ისევ საკონსტიტუციოში გაასაჩივრონ, თუმცა იქ ძალთა ბალანსი უკვე “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არის:

“ბოლო მოსამართლე, მანანა კობახიძე პირდაპირ პარტიული ნიშნით დანიშნულია. ამიტომ ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ არსებული პრაქტიკის შეცვლაზე წავიდეს საუბარი. ამიტომ დასაფიქრებელია, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენა რამდენად ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყანაში ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის თვალსაზრისით,”- განაცხადა თამარ კორძაიამ.

“ეს შენ გეხება”, რომლის სარჩელის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო, ერთ-ერთ ვერსიად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას განიხილავს. თამარ კორძაია ფიქრობს, რომ სტრადბურგის სასამართლოს მსგავსი საქმეები განუხილავს და ეფექტური ინსტრუმენტია, თუმცა საქმის განხილვას ბევრი დრო დასჭირდება:

“ეს არის ძალიან ხანგრძლივვადიანი პერსპექტივა, ამასობაში წლები გადის, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული ნამდვილად არ არის,”- განაცხადა მან.

[checklist]

[/checklist]