რაც შეეხება კერძო კომპანიების მიერ კონკრეტულ მედია–საშუალებებში რეკლამის განთავსებას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამაში პრობლემურს არაფერს ხედავს. ანგარიშზე მუშაობისას ორგანიზაციას ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ასევე, არ შეუსწავლია კონკრეტული მედია–საშუალებების მარკეტინგული სტრატეგია, მათ შორის საფასო პოლიტიკა.
ანგარიშზე მუშაობისას აღმოჩენილი ერთ–ერთი საკვანძო პრობლემა არის ის, რომ საგამოძიებო საქმიანობით დაკავებულ რიგ დამოუკიდებელ მედიაგამოცემებს უჭირთ რეკლამის მოზიდვა და ეს, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესმენთა თვითცენურის შედეგია. მეორე ზოგადი პრობლემა, რასაც ანგარიშშიც ხაზი გავუსვით, პოლიტიკის, მედიის და ბიზნესის ურთიერთკავშირია. ეს კავშირი არ არის უკანონო, მაგრამ აუცილებელია, მკითხველმა იცოდეს ამის შესახებ.
„ტაბულას“ და „ლიბერალის“ სამიზნე აუდიტორიის დადგენისას ზოგადი შეფასებებით ვიხელმძღვანელეთ. ორივე ჟურნალი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მათი მკითხველი ძირითადად ურბანული მოსახლეობაა – ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასა და კულტურაში მიმდინარე პროცესებით არიან დაინტერესებული.
ჩვენ გაკვირვებული ვართ „ტაბულას“ რეაქციით, რადგან ჩვენი კვლევის შესაბამისი ნაწილის კითხვისას ნათლად ჩანს, რომ „ტაბულა“, მისი მფლობელი, ან მთავარი რედაქტორი არაფერში დაგვიდანაშაულებია. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ანგარიშები იყოს ყოვლისმომცველი და სამართლიანი, და არა გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენი კვლევები სრულყოფილია. თუ ვინმე ფაქტობრივ შეცდომაზე მიგვითითებს, რა თქმა უნდა, ამას გავასწორებთ, მაგრამ ჯერ ასეთი მოთხოვნით არავინ დაგვკავშირებია.
ვებგვერდზე ატვირთულ ჩვენს ანგარიშს კომენტარად დავურთეთ ჟურნალ “ტაბულას” 14 დეკემბრის განცხადება, რადგან მკითხველს საშუალება მიეცეს, გაეცნოს ორივე მოსაზრებას,”–ავრცელებს განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.”
