ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქვეყნებს ღია წერილს, სადაც პრემიერ-მინისტრს მედიისა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების თხოვნით მიმართავს:

“ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,

მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ორგანიზაცია, რომელსაც 274 წევრი ჟურნალისტი ჰყავს. ქარტიის ხელმომწერებს შორის არიან სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალების წარმომადგნელები, ბლოგერები და დამოუკიდებლად მომუშავე ჟურნალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მიმდინარე წელს ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში სხდომათა დარბაზთან მინისტრების ჩაწერა აეკრძალათ. მართალია, მათთვის ცალკე მოეწყო მედიაცენტრი, თუმცა, იქ მინისტრი მხოლოდ სურვილის შემთხვევაში ჩადის და არ არის ვალდებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხოს. სხდომათა დარბაზი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, კრიტიკული  და არასასურველი კითხვები დაესვათ მინისტრებისთვის.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში როგორც ქარტიის წევრმა, ისე არაწევრმა ჟურნალისტებმა არაერთხელ გამოთქვეს წუხილი იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათგან კომენტარის მიღება გართულდა. ამგვარი რამდენიმე ფაქტი შეგვიძლია დაგისახელოთ:

ქარტიას მომართა გაზეთმა „პრაიმტაიმმა“, რომელიც აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი მათთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს. გაზეთმა ამ საკითხზე მასალაც გამოაქვეყნა (თინა ხიდაშელის სკანდალური “გარიგების” მცდელობა ,,პრაიმტაიმთან”), თუმცა, მათი თქმით, პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

გართულებულ კომუნიკაციაზე საუბრობს საგამოძიებო სტუდია „მონიტორიც“. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ მათთან კომენტარის გაკეთებაზე. გარდა ამისა, უწყების პრესსამსახური კითხვების გაგზავნას და შემდეგ წერილობით პასუხს სთავაზობს, ეს კი ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, ვინაიდან ვიზუალური გამოსახულების გარეშე გადაცემა ვერ მომზადდება და მთავარი, წერილობითი პასუხი ჩაძიების და კრიტიკული კითხვის დასმის საშუალებას არ იძლევა.

უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვს „კახეთის საინფორმაციო ცენტრიც“, რომელმაც უკვე მოგმართათ საჯაროდ და ამ ფაქტით დაინტერესება გთხოვათ. გამოცემის თქმით, „კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური ხასიათი მიიღო საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის, მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პროფესიული საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებმა.“

გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირების გრაფიკი დატვირთულია, თუმცა საზოგადოებასთან საუბარი ამავე გრაფიკის ნაწილი უნდა იყოს. ჟურნალისტები სწორედ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საჭირო კითხვებს სვამენ. ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ორმაგ მნიშვნელობას იძენს.

აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა გასული ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის თუ მათზე თავდასხმის ფაქტები. კონკრეტულ შემთხვევებზე ქარტიამ რამდენიმე განცხადებაც გაავრცელა. რამდენიმე შემთხვევას დაგისახელებთ:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად გესმით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა, რაც მოსახლეობის წინაშე  მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილია   და მიგვაჩნია, რომ თქვენ, როგორც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს,  შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოთ მთავრობასა  და მედიას შორის კონსტრუქციული კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე,”- აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ღია წერილში.