უსუფაშვილის თქმით, რესპუბლიკური პარტიისთვის ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირის, განსაზღვრებაზე “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკურ პარტიას” განსხვავებული პოზიციები აქვთ:

“რესპუბლიკური პარტიის პოზიცია იყო და რჩება ის, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კონსტიტუციით, სხვა კანონებით საქართველოში ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობითი კავშირი. არანაირი კანონი და არანაირი ნორმა იძლევა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას. რესპუბლიკური პარტიის პოზიცია არის ის, რომ ქორწინება ეს არის მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა და ამ საკითხს არც შეცვლა სჭირდება და არც გამაგრება.”

უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პრობლემას გაამწვავებს:

“ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ვართ, რომ პროცესი ბოლომდე მივა. უშედეგო მცდელობა კონტრპროდუქტიული იქნება.  ჩვენ გაგებით მოვეკიდებით სხვების გადაწყვეტილებას, თუ დაიწყებენ ამ თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას და ჩვენი პარტია გააკეთებს განცხადებას, თუ რა არის მისი პოზიცია და რატომ თვლის, რომ ეს ინიცირება არის კონტრპროდუქტიული, შედეგის ვერმომტანი და პრობლემის გამამწვავებელი.”

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხზე დღეს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ:

“ამ თემაზე კონსულტაციების შესაძლებლობა ამოწურულია და დღევანდელ პოლიტსაბჭოზე შეიძლება სხვა თემა არც იყოს და მხოლოდ ეს იყოს, შეიძლება პოლიტსაბჭო არც იყოს საჭირო, რადგან პოზიციები ნათელია.”

11 თებერვალს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობს,  რომლის თანახმად, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ   ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია:

“გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ კონსტიტუციის ამ ნაწილში კონკრეტიკის დეფიციტით და ამ თემას სპეკულაციებისთვის და პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად იყენებენ, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდია. ყველა რელიგიური კონფესიისათვის მისაღებია ეს და გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, სტაბილურობას და მშვიდობას უნდა შეუწყოს ხელი.”

______________________________________________________________________

მოვლენათა ქრონოლოგია