ახალი ამბები

სამინისტრო: თურქეთი და საქართველო ოშკის კონსერვაციის პროექტის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

3 მარტი, 2016 • 1263
სამინისტრო: თურქეთი და საქართველო ოშკის კონსერვაციის პროექტის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება ოშკის კონსერვაცია და გამაგრება იქნება.

თურქეთში ვიზიტით მყოფმა კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იმუშავებენ.

“ეს არ იქნება ურთიერთთანამშრომლობის ფორმალური დეკლარირება, არამედ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტულ ობიექტებთან მიმართებაში. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაზეც უკვე დღეს შევთანხმდით, გახლავთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის ერთობლივი შემუშავება. უახლოეს მომავალში ამ პროექტს, სწორედ რომ ქართველი სპეციალისტების ჩართულობით  მომზადებულს, სატენდეროდ გაიტანს თურქული მხარე, რათა გამაგრებითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე დაიწყოს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ ამ სულისკვეთებით დაწყებული თანამშრომლობა უახლოეს მომავალში ძალიან პოზიტიურ კონკრეტულ შედეგებს მოიტანს, როგორც იმ ძეგლებთან დაკავშირებით, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, ასევე იმ არსებულ ძეგლებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენს თურქული მხარის ინტერესს საქართველოს  ტერიტორიაზე.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თრქეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს, მაჰირ უნალს შეხვდა.

მათ ორ ქვეყანას შორის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტულ მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდენენ, აცხადებს სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობის ახალი ფორმა, კულტურის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო კავშირთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში ქართველი და თურქი სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს. უახლოეს მომავალში უწყებებს შორის გაფორმდება კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება.

“შევთანხმდით ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს შორის არსებული მეგობრობა და ურთიერთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. უახლოეს გეგმებში შედის დღევანდელი შეხვედრის შედეგების კიდევ უფრო გაღრმავება და უკვე საქართველოში დღეს დასახულ კონკრეტულ ნაბიჯებზე მსჯელობა”, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მაჰირ უნალმა.

თურქეთში სამუშაო ვიზიტით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი