სოზარ სუბარის 11 მაისის გამოსვლას ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში სამარცხვინო უწოდა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ. მისი თქმით, „სოზარ სუბარს ანალიზის გაკეთების შეზღუდული შესაძლებლობა მას სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ აძლევს და ჰგონია, რომ როცა ორი პოლიტიკოსი ერთმანეთს ხვდება, აუცილებლად ფულზე უნდა ისაუბრონ.“
„ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში დავით უსუფაშვილთან დისკუსიისას თქვა, რომ 2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, „ალაინსი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიუნხენში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს „ალიანსის“ დაფინასების საკითხის განსახილველად შეხვდა. სუბარის განცხადებას ტელეკომპანიის სტუდიაში დავით უსუფაშვილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და მან ოპონენტს „ნაძირალა“ უწოდა.
“ალიანსი საქართველოსთვის” 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა და სამ პარტიას, რესპუბლიკელებს, ახალ მემარჯვენეებს და თავისუფალ დემოკრატებს – აერთიანებდა.
მამუკა კაციტაძემ სუბარის მიერ „ალიანსის“ პრორუსულობაში დადანაშაულება ანდაზას – “გაღმა შეედავე, გამოღმა დაგრჩებაო” -შეადარა. მისი თქმით, “ეს სჭირს ახლა სუბარსაც და ქართულ პარტიასაც”.
მემარჯვენეების ამავე წარმომადგენლის განცხადებით, ირაკლი ალასანია „მაღალი რანგის დიპლომატი იყო, ის ხვდებოდა ლავროვსაც, ჩურკინსაც და მსოფლიოს სხვა პოლიტიკოსებს.“
ქართული პარტიის ბრალდებების კომენტირებისგან დღეს თავი შეიკავეს თავად ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა.
