თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაზე იუსტიციის საბჭო 4 მარტს იმსჯელებს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა 4 მარტამდე გადადო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ, განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.

“კანდიდატები, ყველასთან აბსოლუტურად მქონდა მე კონტაქტი. აქაც იყვნენ, თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს კანდიდატებმა. არაფერი იძულებით არ ხდება. მე შევიტანე დღის წესრიგში საორგანიზაციო საკითხები და დღეს დავასახელე. შესაბამისად, თუ სასამართლოს დასჭირდებოდა დრო, რომ… 4 კანდიდატიდან 3 პრეტენზიას არ აცხადებს თავმჯდომარეობაზე და რჩებოდა ერთი, და იმ ერთზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო დღეს. ჩათვალეს, რომ კიდევ სჭირდებათ დამატებითი დრო და იყოს დამატებითი დრო”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ლევან მურუსიძემ.

მურუსიძის განცხადებით, მიქაუტაძე იმ ნიშნით შეარჩია, რომ არის კოლეგიის წარმატებული თავმჯდომარე. სასამართლო სისტემაში დიდხანს მუშაობს და გავლილი აქვს ყველა საფეხური. იყო როგორც თანამემწე, ასევე, რიგითი მოსამართლე.

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გაიზიარა მიზანშეწონილობა არგუმენტებისა, რომლის გამოც გადადო სხდომა პარასკევი რიცხვისთვის. იმედი მაქვს, რომ პარასკევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს ისეთ რეჟიმში, რომ საზოგადოებას ხელოვნური კითხვები არ გაუჩნდება მის გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა იუსტიციის საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაითხოვა. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე სასამართლოს გიორგი ებანოიძე ხელმძღვანელობს.