ვოლსკი: კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ ქორწინება კაცს და ქალს შორის კავშირია

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობს,  რომლის თანახმად, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ   ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

“კონსტიტუციაში მცირეოდენ დამატებას გავაკეთებთ, რათა ამ თემაზე აღარ იყოს დებატები. ორგანული კანონის განმარტებას ქორწინების თაობაზე, კონსტიტუციაშიც ჩავწერთ.  გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ კონსტიტუციის ამ ნაწილში კონკრეტიკის დეფიციტით და ამ თემას სპეკულაციებისთვის და პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად იყენებენ, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდია. ყველა რელიგიური კონფესიისათვის მისაღებია ეს და გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, სტაბილურობას და მშვიდობას უნდა შეუწყოს ხელი. ამასთანავე, არ უნდა დაირღვეს უმცირესობების უფლებები, როგორც ეს ანტიდისკრიმინაციული კანონით არის განსაზღვრული. ახალი არაფერი ხდება, უბრალოდ სინათლე, კონკრეტიკა შემოდის კონსტიტუციის იმ მუხლში, რომელიც უკვე არსებობს.”

“ნეტგაზეთის” კითხვას, “ქართული ოცნება” ამ ინიციატივით ცდილობს, თუ არა თვითონ მიიღოს პოლიტიკური დივიდენდები, დეპუტატი პასუხობს:

“შეიძლება ვიღაცამ  მე, ან ჩემს კოლეგებს დაგვაბრალოს, თუ პირადად არ გვიცნობენ, მაგრამ ყველას ვერ მოთხოვ იმას, რომ სულში ჩაიხედონ ერთმანეთის იმაში. რეალურად, თუკი გავაანალიზებთ სიტუაციას, ამ საკითხის სპეკულაცია შეიძლება სწორედაც დაძაბულობის პროვოცირებისთვის გამოიყენოს მავანმა. მე, თუ ვარ პარლამენტში და ჩემი კოლეგები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად უნდა გამოვხატავდეთ კიდევაც ამომრჩევლის პოზიციას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. აქ სპეკულაციას ნამდვილად არ აქვს ადგილი. ”

მისივე განმარტებით, ცვლილებები არ ეხება ოჯახის განსაზღვრებას:

“ეს არ ეხება ოჯახის განსაზღვრებას. თუ სადმე, კერძო საუბარში სიტყვა ოჯახი მიხსენებია, ვფიქრობ, რომ შეცდომაა ასე თქმა. სულაც ხელმოწერის გარეშე შეიძლება ცხოვრობდნენ ადამიანები და რაღაც რელიგიური წესით იყვნენ დაკავშირებული, ან სულაც, არც რელიგიური წესით და არც ხელმოწერით იყვნენ კავშირში, მაგრამ ეს ოჯახია და პატივი უნდა ვცეთ საზოგადოებამ ასეთ არჩევანს. არის ქონებრივი და სამართლებრივი საკითხები, რომლებიც აქტით ფორმდება და თუ ეს აქტი არ არსებობს და ადამიანებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ოჯახი შექმნან ისეთი პრინციპით, როგორიც თვითონ მიაჩნიათ მართებულად, ეს მათი საქმეა. იგივე ქვრივი და შვილი, ან ქალი და კაცი ცხოვრობენ ერთად, ან თუნდაც ერთსქესიანები ცხოვრობენ ერთად, მაგრამ ეს არ არის ქორწინება, ქორწინების დეფინიცია ხდება ამ ახალი ცვლილებებით.”

დეპუტატის განმარტებით, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის ჯერ დასრულებული არ არის.

_________________________________________________________________________

მოვლენათა ქრონოლოგია