თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ფოსტის და ტელეგრაფის ყოფილ შენობაში კომპანია “სილკ როუდ ჯგუფი” ახალ სასტუმროს “რედისონ ბლუ ტელეგრაფი” გახსნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შენობის რეკონსტრუქცია ზაფხულში დაიწყება და წელიწად-ნახევარი გაგრძელდება.
“რვა სართულიან ნაგებობას სამი მიწისქვეშა სართულიც გააჩნია. დაგეგმილია შენობის სრული რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც 170-180 ნომრიან სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას მივიღებთ. შენარჩუნდება შენობის გარეგნული იერსახე” – აცხადებენ კომპანიაში.
ამ ეტაპზე, ხელშეკრულების საფუძველზე, არ იგეგმება შენობაში უკვე არსებული დაწესებულებების დახურვა. სასტუმროს პირველ სართულზე ჯაზ კლუბი განთავსება, რომელსაც ქუჩიდან პირდაპირი შესასვლელი ექნება.
“პროექტის მთავარ კომპონენტს – სასტუმროს მთავარი შესასვლელი რუსთაველის გამზირიდან ექნება. ლობი რესტორანთან და ბართან, მთავარ სამზარეულოსთან და შეხვედრების/საკონფერენციო/საბანკეტო დარბაზებთან ერთად პირველ სართულზე განთავსდება. მეორე სართული სტანდარტული ტიპის სასტუმრო ოთახებს და სპორტულ დარბაზს დაეთმობა. მესამე და მეოთხე სართულებზე კი სტანდარტული, ბიზნეს და უმაღლესი კლასის, ხოლო მე-5 სართულზე მხოლოდ ბიზნეს და უმაღლესი კლასის სასტუმრო ნომრები განთავსდება. შენობის ბოლო სართული საპრეზიდენტო სიუტს და პენტ ჰაუზს დაეთმობა,” – ვკითხულობთ შენობის ახალი პროექტის აღწერაში.
სასტუმროების ქსელი “რედისონ ბლუ” უკვე ფლობს 3 სასტუმროს საქართველოში: რედისონ ბლუ ივერია, რედისონ ბლუ ბათუმი და ასევე, რედისონ ბლუ წინანდალი, რომლის პირველადი მშენებლობის ეტაპი უკვე დასრულებულია.