MDF: პარლამენტმა უნდა გამოაცხადოს კონკურსი საზმაუს ბორდის ორი წევრის ასარჩევად

დღეს, 8 თებერვალს მედიის განვითარების ფონდმა კვლევის შედეგები გმოაქვეყნა,  სადაც  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალ მოდელსა და მოსალოდნელ მმართველობით კრიზისზეა საუბარი.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით  დაკომპლექტების შესახებ ცვლილებები 2013 წელს ივლისსა და ნოემბერში შევიდა. ცვლილებების შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს არსებული მოდელი გარდაიქმნა. საბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 9-მდე შემცირდა. ამასთან, შეიცვალა წევრთა არჩევის წესი. ძველი მოდელის მიხედვით, ყველა კანდიდატი შეირჩეოდა პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, კანდიდატებს კი ირჩევდა პარლამენტი. ახალი სისტემის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსს და ნიშნავს შესარჩევ კომისიას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. საჯარო განხილვების საფუძველზე კომისია არჩევს და პარლამენტს წარუდგენს კანდიდატებს, რომელთაგან თავის მხრივ კანონმდებლები კანდიდატურების ნომინირებას ახდენენ. საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მიერ ორი წევრი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამი – საპარლამენტო უმრავლესობის, სამი – საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილი შემადგენლობის (ოპოზიციის), ხოლო ერთი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

საქართველოს პარლამენტმა 2013-2014 წლებში ოთხჯერ უყარა კენჭი მეურვეთა კანდიდატურებს, რის შედეგადაც ყველა მხარის შემოთავაზებული კანდიდატები დაამტკიცა, გარდა ოპოზიციისა. პარლამენტმა  ვერც ერთ შემთხვევაში  მიაღწია კონსენსუსს ოპოზიციის კანდიდატებთან დაკავშირებით.

კვლევის შედეგების თანახმად, 2014 წლის მაისის კენჭისყრის შემდეგ, როცა პარლამენტმა ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი, პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს ახალი კონკურსი 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არ გამოუცხადებია, რაც მაუწყებლის მმართველ რგოლში კანონმდებლობით შემოთავაზებულ ბალანსს და მრავალფეროვან წარმომადგენლობას ვერ უზრუნველყოფს. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, ფონდი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია მმართველობითი კრიზისი:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, ახალი წევრების არჩევამდე გადადო კანონის იმ ნორმის ამოქმედება, რომელიც მის წევრებს შორის წილისყრით როტაციის ვადების განსაზღვრას ითვალისწინებს. საბჭოს თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება მომავალში ასარჩევი წევრების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების არგუმენტით დაასაბუთა. ასევე აპელირება გააკეთა კანონზე, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ როდის უნდა ჩატარდეს წილისყრა. ამ დრომდე საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადა განსაზღვრული არ არის. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა, ხოლო სამეურვეო საბჭოს ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

შედეგად მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადები განუსაზღვრელია იმ  პირობებში, როცა საბჭო 2014 წლის მაისიდან ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას. 2016 წლის მაისში საბჭოს 3 წევრს ეწურება 2-წლიანი ვადა, თუმცა, რამდენადაც ვადები განსაზღვრული არ არის, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელ სამ წევრს მოუწევს როტაცია. მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ის, რომ საბჭოს 2 წევრი ჯერ კიდევ არჩეული არ არის, რაც ნიშნავს, რომ წევრების ამ ეტაპზე არჩევის შემთხვევაში, ვადების ათვლის სქემა, რომელიც დადგენილი იყო გარდამავალი დებულებით, მთლიანად დაკარგავს თავის შინაარსს და ყოველ 2 წელიწადში საბჭოს ერთი მესამედის როტაციის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. ხოლო იმ პირობებში, თუ პარლამენტმა დარჩენილი 2 წევრი 2- წლიანი ვადის გასვლამდეც ვერ აირჩია, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც საბჭოს 3 წევრის უფლებამოსილების ვადა ამოწურულია, ხოლო 2 წევრი არჩეული არ არის,”- აღნიშნულია კვლევაში.

ამ გარემოებებზე დაყრდნობით, მედიის განვითარების ფონდი იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს: