”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას ვეტერანთა უფლებების დასაცავად კანონმდებლობაში კონკრეტული ცვლილებების შეტანა შესთავაზა.
”თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვენ-ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული პირველი და მეორე ჯგუფის ვეტერანების სახელმწიფო პენსია გაუტოლდეს 129 ლარს, ხოლო მესამე ჯგუფის ინვალიდების და მონაწილეეების – 80 ლარს; მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის თითოეულ დაკარგულ შვილზე დახმარება გაუტოლდეს 129 ლარს; კანონით განისაზღვროს ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებისა და მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრთა შვილების სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება; დადგინდეს ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების მინიმალური ზღვარი, ასევე მარჩენალდაკარგულთა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაღუპულთა ოჯახების წევრების დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები; სამივე ჯგუფის ინვალიდებმა და ვეტერანებმა პენსია მიიღონ საბიუჯეტო სფეროში დასაქმების შემთხვევაშიც; 2011 წლის მაისამდე გაიზარდოს საყოფაცხოვრებო სუბსიდიები.
”ხელისუფლებამ უკვე გაითვალისწინა ”თავისუფალი დემოკრატების” მოთხოვნა და სამხედრო ჰოსპიტალის დასაფინანსებლად 2011 წლის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოიყო. ვიმედოვნებთ, ეს ინიციატივაც არ დარჩება უყურადღებოდ”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.