20 ათასამდე მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება

14 მილიონი აშშ დოლარის გრანტია გამოყოფილი საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მიზანია მე-7 – მე-12 კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინგლისურ ენაში, გეოგრაფიასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. ასევე, სკოლის მართვის გაუმჯობესება.

საბოლოო ჯამში, უნდა გადამზადდეს 20,000-მდე მასწავლებელი ზემოაღნიშნულ საგნებში, ასევე, მომზადდება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების 2000-ზე მეტი ფასილიტატორი. პროექტის ფარგლებში გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის დირექტორი.

“ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს განახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტი ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას, სატრენინგო მასალებისა და საჭირო რესურსის შექმნას.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. შედეგად, მასწავლებლები შეძლებენ, დააგროვონ საჭირო კრედიტები და წაიწიონ მომდევნო საფეხურზე, რაც აისახება მათ ხელფასზე”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი 2019 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.