რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია

მცხეთის 8 ნომერში, პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, მხოლოდ სამართალდამცავები დგანან. სადარბაზოს შესასვლელი, სადაც შესვლა შეზღუდულია, პოლიციას შემოსაზღვრული აქვს. სამართალდამცავები მომხდართან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ იძლევიან.

კლიმიაშვილის ცხედარი მის საცხოვრებელ ბინაში დღეს იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება, თუმცა ოფიციალური კომენტარი მხოლოდ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაკეთდება.

რამაზ კლიმიაშვილის ცხედარი სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზაზე რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს.

მომხდარის ადგილზე „ყაზტრანსგაზ თბილისის“ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა კომენტარი არც მათ გაუკეთებიათ. 

რამაზ კლიმიაშვილი 1941 წელს დაიბადა. 5 მარტს მას 70 წელი შეუსრულდებოდა.