საქართველოს მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
“გაემიჯნე კლანურ მმართველობას”, “მოითხოვე ცვლილებები” – ამ და სხვა ლოზუნგებით მართლმსაჯულების სახლთან სხვადასხვა ორგანიზაციები შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციაში ორგანიზაციები- EMC, ISFED, საია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მონაწილეობენ.
მართლმსაჯულების სახლთან პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილიც მივიდა.
აქციას ორგანიზებას უწევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრებს, ზაზა მეიშვილს და თამარ ალანიას რამდენიმე დღეში წევრობის ვადა გასდით. ხატიაშვილს მიაჩნია, რომ მოქმედი იუსტიციის საბჭო მათაც მოსამართლეებად დანიშნავს, თუკი “სამოქალაქო საზოგადოება არ დადგა ფეხზე”.
EMC, ISFED, საია აქციაზე ითხოვენ რეფორმებს სასამართლო სისტემაში – მოსამართლეთა დანიშვნის და შერჩევის წესის, ასევე მოსამართლეთა წინააღმდეგ დევნის დაწყების წესის გამჭვირვალობას.
ISFED-ის დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, რახან მოსამართლეთა კონფერენცია რიგგარეშედ დაინიშნა, მნიშვნელოვანი საკითხები უნდა ყოფილიყო განხილული, თუმცა, როგორც მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგითაა ცნობილი, სასამართლო დღეს ძირეულ და მნიშვნელოვან საკითხებს არ განიხილავს.
“სასამართლო სისტემაში არსებობს ძირეული რეფორმის საკითხები, რაც განსახილველია. ეს საკითხები მოსმართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესს ეხება, ეს არის გადახედვა დისცილიპლინური საქმის წარმოების წესისა, შემოღება ახალი ელექტრონული საქმის განაწილების წესისა. ეს რეფორმები არის ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც შემდეგ უზრუნველყოფს როგორც თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობას, ასევე საერთო სისტემის გაჯანსაღებასა და რეფორმირებას”- აცხადებს ბენიძე.
მართლმსაჯულების სახლში კი მოსამართლეთა კონფერენცია გაიხსნა.
როგორც დღის წესრიგში არის აღნიშნული, კონფერენციაზე მოსამართლეებს გააცნობენ სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული დისციპლინური საქმეების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას; ასევე, განიხილავენ სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებული მოვლენებს.