მთავრობის სხდომაზე დღეს 48 საკითხი განიხილება

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში 48 განსახილველი საკითხია შეტანილი. მათ შორისაა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფის საკითხები მესტიისა და ახალციხის მინუციპალიტეტებისთვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, ასევე, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის საკითხები სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის.

განსახილველ საკითხებს შორისაა ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის, საქართველოს მთავრობის შენობისა და საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები; მდინარე სუფსისა და შავი ზღვის შესართავთან ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდიდან 9.5 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის საკითხი; საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების პროექტები თბილისისა და ქუთაისის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საკითხები.

მთავრობის სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში 13:00 საათზე დაიწყება.