ბესელია: გვაქვს ინფორმაცია, რომ ელისაშვილი კორუფციულ გარიგებაში იყო ჩართული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, აქვს ინფორმაცია შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის კორუფციულ გარიგებაშ მონაწილეობის შესახებ:

“კომისიის მიმართ სამდურავი იყო დიდი და პრეტენზიები იყო ასევე ძალიან დიდი. იყო პერიოდი, როცა კომისია საერთოდ არ იხილავდა ამ საქმეებს თვეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე განსაკუთრებით. ელისაშვილის მიმართ სხვა ეჭვებიც არსებობს და მე მისი სტანდარტით ვერ ვიმოქმედებ, უაპელაციო ბრალდებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ არის ბევრი ეჭვი. ასეთი ინფორმაციები, რომ ის თავად არის კორუფციულ გარიგებებში ჩართული თავის თავმჯდომარეობის პერიოდში, ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან ჩვენც გვაქვს მოწოდებული და შესაბამის სამსახურებსაც აქვს,”– განაცხადა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ჩართულები არიან ელისაშვილი, ელისო კილაძე, ტელეკომპანია რუსთავი 2, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავისუფალი დემოკრატების წევრთა ნაწილი.

თავად ალეკო ელისაშვილი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ მას შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში ხელფასის გარდა არაფერი აიუღია:

“ერთი პატარა ხატი წამოვიღე შეწყალების კომისიიდან, პატიმრის გაკეთებული, პატიმრის დედამ მაჩუქა. ხელფასის მეტი მე არ ამიღია 5 თვის განმავლობაში არაფერი, მოუხედავად იმისა, რომ უამრავი შემოთავაზება იყო,”– აცხადებს ელისაშვილი.