დევნილთა აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

პარლამენტის წინ შეკრებილი დევნილები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისკენ მიემართებიან. ისინი აქციის გაგრძელებას სწორედ რეზიდენციასთან გეგმავენ მოთოვნით, შეჩერდეს დევნილთა გამოსახლება თბილისში არსებული კომპაქტური ჩასახლებებიდან.

ნეტგაზეთის ჟურნალისტი აქციიდან იტყობინება, რომ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ათი წარმომადგენელი საპატრიარქოში წავიდა. ისინი საქართელოს კათალიკოს-პატრიარქთან აპირებენ შეხვედრას და მას სთხოვენ, როგორმე დაეხმაროს დევნილებს და ხელი შეუშალოს მათ გამოსახლებას თბილისში არსებული საერთო საცხოვრებლებიდან.

დევნილთა გამოსახლება თბილისში დღეს დილით კვლავ განახლდა. კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშილის ინფორმაციით, დევნილებს დღეს ასახლებენ შემდეგი მისამართებიდან: მიცკევიჩის 29ა, ტაშკენტის 5,  კანდელაკის 12 და მუხიანის ხევი, გოგებაშვილის სახელობის ყოფილი კოლეჯი.

აქციაზე დევნილებთან ერთად შეკრებილნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დევნილთა სოლიდარობის აქცია პარლამენტის წინ 3 საათზე დაიწყო და დაახლოებით 300 კაცი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები უკმაყოფილონი არიან აქციზე მისული ხალხის რაოდენობით. ისინი უფრო მეტ სოლიდარობას ელოდნენ.