ბაგებიდან დევნილების გამოსახლება დაიწყო

პოლიცილიელებითაა  გარშემორტყმული ბაგებში მდებარე სტუდქალაქის შენობა, საიდანაც  ამ წუთებში დევნილებს ასახლებენ.

100-ზე მეტ პოლიციელს შენობის ირგვლივ კორდონი აქვს  გაკეთებული და ტერიტორიაზე  შესვლის უფლებას არავის აძლევს, მათ შორის არც ჟურნალისტებს. სტუდქალაქის შენობასთან  მობილიზებული  არიან ავტობუსები, სატვირთო მანქანები და სასწრაფო დახმარების მანქანა.

გამოსახლების პროცესს თვალყურს ადევნებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამი წარმომადგენელი.

სტუდქალაქში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ისინი წუხელ გააფრთხილეს სამართალდამცავებმა, რომ დილით უნდა დაეტოვებინათ შენობა. გამთენიისას კი, დაახლოებით 7 საათზე, ათობით სამართალდამცავი მივიდა და დევნილების გამოსახლეობა დაიწყო.

დევნილებმა ჯერ არ იციან, სად გადაიყვანენ, რადგან მათი განცხადებით, სამართლადამცავები ამას მას შემდეგ ეტყვიან, როცა ავტობუსებში ჩასხდებიან.

ჟურნალისტები პროცესს გარედან ადევნებენ თვალს. ჯერჯერობით, გამოსახლების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

მოძრაობა გართულდა და საცობებია წყნეთის გზატკეცილზე, რადგან ავტობუსებს, დევნილთა გამოსახლების პროცესის გამო, არ აძლევენ ავტობუსის ხაზის ბოლო გაჩერებასთან მისვლის საშუალებას.