მღებრიშვილმა არ უპასუხა დეპუტატის კითხვას ზურაბ გამეზარდაშვილთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა არ უპასუხა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გივი თარგამაძის კითხვას შსს-ს მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებით.

დეპუტატმა კითხვა მღებრიშვილს  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს დაუსვა.

თარგამაძეს აინტერესებდა,  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი, რომელიც ასევე არის შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ამ დრომდე რატომ იკავებს ორ მაღალ თანამდებობას.

ზურაბ გამეზარდაშვილი მინისტრის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. დეპუტატი დაინტერესდა, რა არის ამის მიზეზი და გამოთქვა ეჭვი, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ გამეზარდაშვილი არის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის კადრი.

“მაგას ვერავინ დამაბრალებს, რომ მე სადმე, ვინმეს ხათრით ვინმე დავნიშნე”, – განაცხადა მღებრიშვილმა, თუმცა თარგამაძის კითხვაზე, მაშინ რა არის მიზეზი, “ადამიანს ვერ პოულობთ? კონკრეტული პასუხი არ გასცა.

“ბატონ გამეზარდაშვილს საკმაოდ დიდი ფუნქციები აქვს [არ დაუკონკრეტებია, რომელ თანამდებობაზე], საკმაოდ დიდი სამსახური აბარია და მე ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს მინისტრის მოადგილე, რათა ის იყოს მოქნილი და ძლიერი თავის გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა მრებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა არ უპასუხა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გივი თარგამაძის კითხვას