საქართველომ კონგოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა

საქართველომ და კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ სუვერენული თანასწორობის, მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპებით.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ამ სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილეკა ატოკიმ, ხოლო საქართველოს მხრიდან – საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ.

ხელმოწერის ცერემონია ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, გაიმართა.

დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.