ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა სახელი შეიცვალა

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა (EPF) სახელი შეიცვალა. 18 დეკემბრიდან ფონდი საქმიანობს სახელწოდებით- ევროპის ფონდი.

“ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF), წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება, 2015 წლის 18 დეკემბრიდან მოღვაწეობას განაგრძობს ახალი სახელწოდებით – ევროპის ფონდი”, – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სახელის ცვლილების მიუხედავად, ფონდი შეინარჩუნებს თავდაპირველ აკრონიმს, EPF-ს, “რითაც ხაზს უსვამს თავის საქმიანობაში მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მნიშვნელობას”.

„ახალი სახელი – ევროპის ფონდი – საშუალებას გვაძლევს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ძირითად ამოცანაზე – ხელი შევუწყოთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კონკრეტული სარგებელი მიიღოს ევროპული ღირებულებების და სტანდარტების დამკვიდრებით. სახელის შეცვლა ევროპის ფონდად ჩვენი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი ფონდის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობამ და თანამშრომლებმა. ფონდის ხედვისა და საქმიანობის გათვალისწინებით, სახელწოდების ცვლილებას მხარი დაუჭირა უამრავმა ჩვენმა პარტნიორმა და გრანტის მიმღებმა ორგანიზაციამაც, რამდენადაც ახალი სახელი ნათლად ასახავს ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს“, – აღნიშნავს ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე.