აქციის მონაწილეებს ჯარიმა შეუფარდეს

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულია 11 პირი, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ თბილისში აქციის დაშლისას დააკავეს. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ყველა დაკავებულს 400– ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

დაკავებულებს ბრალი ედებოდათ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში, რაც ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს.

სხვა ადვოკატებთან ერთად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც იცავდნენ დაკავებულების უფლებებს სასამართლოში. საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით,  მათმა ადვოკატებმა 7–ჯერ დააყენეს შუამდგომლობა პროცესზე, მოსამართლეს  გადაწყვეტილების გამოტანამდე რომ ენახა ვიდეომასალა. „არც ერთი ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო სამართალდამცავების ჩვენებებზე დაყრდნობით“, ამბობს ჩუგოშვილი.