ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი, შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრი, ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონი გახდა. იგი პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ტოკიოს ტურნირზე საქართველოს სახელით პირველი ადგილი მოიპოვა.

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრმა 33 წლის შემდეგ ტოკიოს გრან-სლემის საუკეთესო შედეგი გაიმეორა – 1982 წელს, ტოკიოში დავით ბოდაველმა გაიმარჯვა, მას შემდეგ კი მისი მოგება ქართველთაგან ვერავინ შეძლო. ავთანდილ ჭრიკიშვილმა ფინალურ შეხვედრაში კორეელი სპორტსმენი დაამარცხა.

ტურნირზე ბრინჯაოს მედალი შსს-ს ძიუდოს კლუბის კიდევ ერთმა წევრმა, ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი – „მებრძოლი“, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2014 წლის მაისში დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორია. კლუბმა 2014 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.