სომხეთში ბიზნესმენი, კომპანიათა ჯგუფ „ტაშირის“ დამფუძნებელი სამველ კარაპეტიანი დააკავეს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტიდან აცნობეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მის და კიდევ 35 პირის მიმართ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა აღიძრა „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების, მინდობილი ქონების მითვისებისა და ფულის გათეთრების საქმეზე.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კომპანიისთვის მიყენებული საერთო ზარალი 64 მილიარდ 585 მილიონ დრამზე მეტს შეადგენს.
საქმის ფარგლებში, ოფიციალური ცნობითვე, ერთდროული ჩხრეკა ჩაატარეს 65 საცხოვრებელ ბინასა და კომპანიების საქმიანობის მისამართებზე.
სამველ კარაპეტიანი სხვა სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ხელისუფლების მიტაცებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საჯარო მოწოდებების გახმოვანებისთვის. კიდევ ერთ საქმეზე კარაპეტიანს ბრალდება ფულის გათეთრების მუხლით ჰქონდა წაყენებული.
